"ეროვნული თანხმობა ამ ქვეყანას სჭირდება, მაგრამ ვისთან უნდა გავაფორმო ეს ეროვნული თანხმობა? შემთხვევით იმ კაცთან ხომ არა, რომელმაც დღეს გალიაშია და რომელმაც მილიონი ლარები დახარჯა იმაზე, რომ საკუთარი კანის ნაოჭები ესწორებინა, საკუთარი ქონები დაედნო უგულავასთან ერთად", - ასე უპასუხა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ოპოზიციონერ დეპუტატ პაატა მანჯგალაძის მიერ დასმულ შეკითხვას.
"ეროვნული თანხმობა ამ ქვეყანას სჭირდება, მაგრამ მომავალში, როდესაც, მე ერთ მინისტრს ეროვნული თანხმობისკენ მომიწოდებთ და ეროვნულ თანხმობას მომთხოვთ, ისიც დამიზუსტეთ, ვისთან უნდა გავაფორმო ეს ეროვნული თანხმობა? ეს ეროვნული თანხმობა ხომ არ უნდა გავაფორმო, თქვენის აზრით, შემთხვევით იმ კაცთან, ასე ჰქვია, მეტრიკით ყოველ შემთხვევაში, რომელიც დღეს გალიაშია და რომელმაც მილიონი ლარები დახარჯა იმაზე, რომ საკუთარი კანის ნაოჭები ესწორებინა, საკუთარი ქონები დაედნო უგულავასთან ერთად და ასე ვთქვათ, უცნაური მეთოდებით შესრულებული ნახატებისთვის ეხარჯა 20 000 ლარი მაშინ როდესაც, თქვენ თქვით, რომ ნიჩაბი ვერ იყიდეთო, გეყიდათ მერე ეს ნიჩაბი, მკერდით მოხატული ნახატების შესყიდვით რომ იყავით დაკავებული, რომელიც სწორედ ერთი ნიჩბოსნის აღჭურვილობის ფასი დაჯდა. მოკლედ, თქვენ ხართ წარსული", - განაცხადა წულუკიანმა.