პასუხის გაცემა ყოველთვის არის აუცილებელი, არ ვაპირებ, უპასუხოდ დავტოვო არც ერთი უსინდისო შენიშვნა, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში ოპოზიციონერი დეპუტატების შეკითხვებზე პასუხების გაცემისას განაცხადა.
მისივე თქმით, ძალიან რთულია, როდესაც უმრავლესობას მუშაობა უწევს „შეურაცხადი ადამიანების“ პირობებში.
„ასეთების პირობებში ჩვენ გვიწევს ქვეყნის მართვა და ჩემო ძვირფასო თანამებრძოლებო, რატომღაც არის ჩვენს სტილში, რომ ჩვენ ეს უნდა ავიტანოთ. პასუხს გაცემ და როგორ თუ ეს გაბედეთ, არ გრცხვენიათო. არა, პასუხის გაცემა ყოველთვის არის აუცილებელი, არ ვაპირებ, უპასუხოდ დავტოვო არც ერთი უსინდისო შენიშვნა. როდესაც ჩვენ ამ თუ სხვა მოწვევის პარლამენტებში, ამ თუ სხვა მთავრობის შემადგენლობებში ვთქვით, რომ მოდით, არ ღირს ამათთან პოლემიკა და პასუხის გაცემა, აი, იქ დავმარცხდით. როდესაც 2013 წელს ვთქვით, რომ ესენიც ჩვენი ქვეყნის შვილები არიან და მოდით, შევეცადოთ, მათთან ერთად ვმართოთ ქვეყანა, მაშინ იყო ეს ყველაზე დიდი შეცდომა.
ის კაცი, რომელიც დღეს გალიაში ზის, მაშინვე უნდა ჩამჯდარიყო იმ გალიაში, საიდანაც ახლა საკუთარი ცოლის დაპატიმრებას ითხოვს და, რომლის გასათავისუფლებლადაც ქალბატონ ღირსეულ, კულტურულ თაკო ჩარკვიანს ორგანიზაცია აქვს შექმნილი. ჩვეულებრივი შეურაცხადია, თქვენ ხომ იხილეთ, მან მოიხსნა ნიღაბი. ეს ადამიანი უკონტროლოა, როგორ შეიძლება, ეს ხელისუფლებაში მოვიდეს. ეს არის, მეგობრებო ჩვენი შეცდომები, როდესაც ჩვენ დავუჯერეთ რჩევებს და აქ ვერ დავრწვილმანდები, მაგრამ მოვა დრო და ამ ყველაფერს გავიხსენებ, ვინ, როდის, რა რჩევა მოგვცა, რადგან თანაგვეცხოვრა, რათა დაგვენდო, ეს იყო შეცდომა. მისაყვედურეთ რამდენიც გინდათ ამ გულახდილობისთვის, რადგან ჩვენს ქვეყანას ამით ბევრი დრო დავაკარგვინეთ.
ჩვენ დავხარჯეთ ჯანმრთელობა, დავხარჯეთ ნერვები და დრო. არ უნდა ყოფილიყო არავითარი დანდობა, კანონით, სამართლიანად ყველას უნდა მიზღოდა ის პასუხი, რასაც იმსახურებდა. ეს არის, რისთვისაც ბრძოლა გრძელდება და გრძელდება ბრძოლა სირთულეებით. მართლაც ძვირფასო უმრავლესობის წევრებო, აფერუმ იმ გამძლეობისთვის, რაც თქვენ გაქვთ, რადგან ასეთი შეურაცხადი ადამიანების პირობებში მუშაობა, მით უმეტეს რეფორმებზე, ძალიან ძნელია. თუმცა, ჩვენ ერთად ვიდგებით და მაინც მივაღწევთ იმ შედეგს, რასაც ჰქვია 2024 წლის არჩევნები. იმედი მაქვს, ამასობაში დრო თავისას იზამს, პოლიტიკური სპექტრი გაჯანსაღდება და ჩვენ შევძლებთ, დავტოვოთ ხელისუფლება, ის გადავაბაროთ უფრო კარგს, უფრო ღირსეულს, უფრო წარმატებულს, თანამედროვეს, ანუ ახალგაზრდა თაობას“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.