ჩვენ გვქონდა ლიტერატურული პრემია სახელად „ლიტერა”. ღიად გეუბნებით, რომ ამ პრემიას, რომელიც გახდა კეზერაშვილის პრემია, სამინისტრო უკან არ დაიბრუნებს. ჩვენ დავაფუძნებთ ახალ ლიტერატურულ პრემიას, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „მინისტრის საათის“ ფორმატში, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც „ლიტერა” დაფუძნდა, სახელმწიფო დონეზე არ იყო გამოცემული არც ერთი საკანონმდებლო აქტი, რომელიც დაადასტურებდა, რომ ეს ნამდვილად სახელმწიფო კონკურსი და პრემიაა.
„მე ვაპირებდი სასამართლო დავის წამოწყებას, თუმცა ეს ვერ გავაკეთეთ, რადგან აღმოჩნდა, რომ როდესაც ეს კონკურსი და პრემია „ლიტერა” დაფუძნდა, სახელმწიფო დონეზე არ იყო საკანონმდებლო არც ერთი აქტი გამოცემული, რომელიც დაადასტურებდა, რომ ეს ნამდვილად სახელმწიფო კონკურსი და პრემიაა. შესაბამისად, როდესაც ეს კონკურსი და პრემია მიითვისა კერძო სტრუქტურამ, ჩვენ ვერ შევძელით სასამართლო დავის წამოწყება. ამიტომაც, ჩემი გადაწყვეტილებით, კეზერაშვილის პრემია დარჩება კეზერაშვილს. ჩვენ დავაფუძნებთ სხვა კონკურსს და მე მზად ვარ კულტურის კომიტეტთან თანამშრომლობისთვის, რათა შევიმუშაოთ ისეთი კონკურსი და პრემია, რომელიც შეეხება პირუთვნელად ყველას“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.