ფოტო: AP
რუსეთმა კურილის კუნძულების ერთ-ერთ კუნძულ მატუაზე სარაკეტო სისტემა "ბასტიონი" განათავსა. ფაქტის შესახებ იუწყება და შესაბამის ვიდეომასალას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
"ამ შორეულ კუნძულზე, კურილის ქედის ცენტრალურ ნაწილში, სამხედროები 24-საათიან რეჟიმში განლაგდებიან, რათა დააკვირდნენ საზღვაო აკვატორიასა და სრუტეებს. პერსონალმა დაიწყო მორიგეობა და დაგეგმილი საბრძოლო მომზადების ღონისძიებების განხორციელება", - ნათქვამია თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კურილის კუნძულები ჯერ კიდევ გადაუწყვეტელ საკითხად რჩება რუსეთსა და იაპონიას შორის.
რუსეთსა და იაპონიას, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, კურილის სამხრეთ ნაწილთან დაკავშირებული გაჭიანურებული დავის გამო, სამშვიდობო შეთანხმება არ გაუფორმებიათ.
ორ ქვეყანას შორის საომარი მდგომარეობა ოფიციალურად 1956 წელს დასრულდა, რის შემდეგაც სსრკ-მ და იაპონიამ განაახლეს დიპლომატიური ურთიერთობა მოსკოვის დეკლარაციის შესაბამისად.
იაპონიის პოზიციის თანახმად, რუსეთმა კურილის ოთხი კუნძული - ეტოროფუ, კუნაშირი, შიკოტანი და ხაბომაი - იაპონიას უნდა გადასცეს. თავის მხრივ, მოსკოვი 4-დან 2 კუნძულის - შიკატანოსა და ხაბომაის გადაცემის შესაძლებლობას განიხილავს, მხოლოდ სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების შემდეგ.
"ბასტიონის" კლასის სანაპირო დაცვის სარაკეტო კომპლექსის ზღვაზე სამიზნის სიშორე 350 კმ-ია.