საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში შეხვედრა გამართა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან, ენ ლინდესთან. მინისტრმა მადლობა გადაუხადა კოლეგას შვედეთში მასპინძლობისა და ეუთოს მინისტერიალის ორგანიზებისთვის.
შეხვედრაზე განსაკუთრებით აღინიშნა ეუთოს თავმჯდომარეობის პერიოდში შვედეთის აქტიური ჩართულობა რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში და მისი ძალისხმევა ეუთოს მაღალ დონეზე საქართველოს საკითხის შენარჩუნების თვალსაზრისით, ასევე ეუთოს მონაწილეობა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლონ ამ მიმართულებით. შეხვედრებზე მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგიც.
შვედეთის მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერა.