როგორც ჩანს, ზოგიერთს არ ესმის, რომ დემოკრატია მოითხოვს შეხედულებების მრავალფეროვნებას. ერთი ადამიანის, ერთი პარტიის მმართველობა კი ამის საწინააღმდეგოდ მუშაობს, მეტიც, ეს უმრავლესობის ტირანიის საფრთხეს ქმნის, - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა საარჩევნო ბარიერის დაწევასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებებზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
"როგორც ჩანს, ზოგიერთს არ ესმის, რომ დემოკრატია მოითხოვს შეხედულებების მრავალფეროვნებას. ერთი ადამიანის, ერთი პარტიის მმართველობა კი ამის საწინააღმდეგოდ მუშაობს, მეტიც, ეს უმრავლესობის ტირანიის საფრთხეს ქმნის.
საარჩევნო რეფორმაზე მოლაპარაკებების დროს, საქართველოს ყველა პოლიტიკური ლიდერი შეთანხმდა, რომ დაბალი საარჩევნო ბარიერი დადებითი გადაწყვეტილება იყო. ეს ასევე შეთანხმებული იყო 19 აპრილის შეთანხმებაშიც. 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ერთ-ერთი დადებითი შედეგი იყო ის, რომ დაბალი საარჩევნო ბარიერის გამო ცხრა ძალიან განსხვავებულ პარტიას მიეცა პარლამენტში შესვლის საშუალება.
თუ ამჟამინდელი 5%-იანი ბარიერი შენარჩუნდება, სავარაუდოა, რომ ორმა, შესაძლოა, სამმა პოლიტიკურმა პარტიამ გადალახოს ბარიერი მომდევნო არჩევნებზე. ეს არ არის ის ტრაექტორია, რომელიც საშუალებას მისცემს პარლამენტში უფრო მეტ მრავალფეროვნებას, მეტ პლურალობას, რაც საშუალებას მისცემს მეტი ქართული შეხედულებების პერსპექტივის წარმოდგენას პარლამენტში, რასაც საქართველოს ყველა პოლიტიკური ლიდერი პოზიტიურად აფასებდა. ეს არის ის, რასაც საერთაშორისო ექსპერტები ურჩევდნენ საქართველოს. ასე რომ, ვფიქრობ, სამწუხარო იქნება, თუ არ განხორციელდება საქართველოსთვის ის პოზიტიური ნაბიჯი, რაზეც ყველა პოლიტიკური პარტია, მათ შორის მმართველი პარტია შეთანხმდნენ", - განაცხადა კელი დეგნანმა.