უკვე არ ვიცი ვიამაყო თუ არა, რომ ამ სახელმწიფოს დამფუძნებელი ვარ, რადგან რაც დარჩა ამ სახელმწიფოსგან კარგად ვხედავთ, განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სასამართლო პროცესზე. მისი თქმით, უსამართლობას ვერ მიიღებს, შეურაცხყოფას ვერ მიიღებს, სააკაშვილის და სიტყვა კორუფციის ერთად ხსენებას ვერ მიიღებს.
"ხომ არ ჯობია, რომ ჯერ მოითხოვოთ მძევლობიდან და ტყვეობიდან ჩემი გამოსვლა და როგორც კი ამ ქვეყანაში იქნება სამართლიანი სასამართლო, სადაც ეს მსახიობები არ იქნებიან და ნამდვილი მოსამართლეები იქნებიან, ნამდვილი პროკურორები იქნებიან, მე მზად ვარ, გაძლევთ პატიოსან სიტყვას, მეტი რითი დავამტკიცო, არსად არ გავრბივარ, აქ ჩამოვედი პირდაპირ მგლის ხახაში, წავიდე იმ სასამართლოს წინაშე და დაე, მან გამასამართლოს, თუნდაც ერთ წელიწადში, ორ წელიწადში, სამ წელიწადში. მე იმას კი არ გთხოვთ, რომ დამიცვათ, მიხეილ სააკაშვილი, არამედ დაგმეთ წამება ნებისმიერი ადამიანის, დაგმეთ უსამართლო სასამართლო ნებისმიერი ადამიანის მიმართ, დაგმეთ ღირსების დამცირება, არაადამიანური მოპყრობა არა პრეზიდენტის, არამედ ნებისმიერი რიგითი ქართველის. არც ჭკუას არ გარიგებთ, ჩემზე მეტი ჭკუა და გონება გაქვთ ბევრს, მაგრამ მგონია, რომ კეთილსინდისიერი და სამართლიანი იქნება ყველაფერ იმაზე საუბარი, რასაც დღეს ახლა მთხოვთ-აღიარებებს, ბოდიშებს. ყველანი ერთად თუ დაველოდებით ჩემ განთავისუფლებას ამ მახინჯი სისტემის ტყვეობიდან, რომლის ერთადერთი ფუნქციაა, მე აქედან ცოცხალი არ გავიდე. მერე უკვე მზად ვარ გეკამათოთ, დავიცვა ჩემი სიმართლე და ყველაფერი დანარჩენი.
მე ხომ არც მადლობას ვითხოვ არავისგან, მართლა არ ვითხოვ. არ ვითხოვ მადლობას არც სიბნელიდან რომ დენი მოვიყვანე და ნავთქურები და გენერატორები დაგვავიწყდა, არ ვითხოვ მადლობას, რომ მათ შორის ზოგიერთმა მათგანმა ჩვენი სისტემით ჩააბარა, როდესაც იურიდიულზე უკვე 15 000 ლარს აღარ ითხოვდნენ, ზოგიერთი მათგანი ალბათ ჩემი სტიპენდიით იყო წასული, როგორც მაგალითად ჩემი ტყვეობის ერთ-ერთი თანამონაწილე იუსტიციის ე.წ. მინისტრი. ხომ არ ვითხოვ იმაზე მადლობას, რომ ხელფასები-პენსიები 10-ჯერ გაიზარდა, სამუშაოები ადგილები ორჯერ გაიზარდა. ხომ არ გთხოვთ მადლობას თუნდაც იმ 200 ახალი კლინიკისთვის, სადაც სამწუხაროდ დღეს ექიმებს ძალიან მძიმე პირობები აქვთ სამუშაოდ დავრწმუნდი ამ დღეებში. მაგრამ, უსამართლობას მე ვერ მივიღებ, შეურაცხყოფას ვერ მივიღებ, სააკაშვილის და სიტყვა კორუფციის ხსენებას მე ვერ მივიღებ“, – განაცხადა სააკაშვილმა.