ჯერ არ ვიცით მთავარი, ის 22 ვაქცინა, რომელიც არის ბაზარზე, ფარავენ თუ არა „ომიკრონის“ შტამს, აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.
მისი თქმით, ამ ეტაპზე საქართველოში არის შესაძლებელი, რომ „ომიკრონის“ საეჭვო შემთხვევა გამოვლინდეს.
„მას შემდეგ, რაც კორონავირუსი გაჩნდა, უამრავი მუტაცია იყო, მაგრამ შემაშფოთებელი იყო თითებზე ჩამოსათვლელი. ახლა გაჩნდა კიდევ ახალი შტამი. ჯერ უნდა დავიცადოთ ორი-სამი კვირის განმავლობაში, ჩვენ არ ვიცით რამდენიმე მთავარი საკითხი. ვიცით, რომ ის უფრო ადვილად ვრცელდება, განსაკუთრებით 40 წლამდე ასაკის მოსახლეობაში, არ ვიცით არის მეტად აგრესიული და მეტად ვირულენტური, ვიდრე „დელტა“ ან სხვა შტამი. ამას სჭირდება დაკვირვება. ჯერ არ ვიცით მთავარი, ის 22 ვაქცინა, რომელიც არის ბაზარზე, ფარავენ თუ არა „ომიკრონის“ შტამს. ამაზე მიმდინარეობს კვლევები. კომპანიებმა განაცხადეს, რომ დაახლოებით სამ კვირაში ექნებათ პასუხი ფარავს თუ არა ვაქცინები ამ ახალ შტამს. რაც შეეხება დიაგნოსტიკას, დღეს დიაგნოსტიკის მეთოდები ძალიან დაიხვეწა და ძალიან სწრაფად მისი მოდიფიცირება. ჩვენთან მიმდინარეობს დაკვირვება სხვადასხვა შტამებზე, ერთი არის პისიარტესტები, გვაქვს უკვე სპეციფიკური ტესტები. შემდეგი არის სეკვენირება. ჯერ „ომიკრონი“ არ გამოჩენილა. კონტაქტი გვაქვს ჩვენს ორ ძირითად პარტნიორთან, ესენია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შესაბამისი ლაბორატორიული სამსახური და ბუნდესვერის ინსტიტუტის მიკრობიოლოგიის ინსტიტუტი, რომლებიც ვფიქრობ, მალე მოგვაწვდიან პისიარტესტებს. ჩვენს ლაბორატორიებს გუშინაც დაეგზავნათ პროტოკოლი, თუ რა შემთხვევაში შეიძლება ეჭვი მიიტანონ „ომიკრონზე“, რათა ეს ნიმუშები გამოგზავნონ ლუგარში, ჩატარდეს სეკვენირება და დადგინდეს არის თუ არა „ომიკრონი“. ამის საშუალება დღეს არის“, – განაცხადა გამყრელიძემ.