კარიბის ზღვის აუზის კუნძულოვანი სახელმწიფო ბარბადოსი, რომლის მეთაურიც გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორე იყო, რესპუბლიკა გახდა.
ცერემონიაზე, რომელსაც უელსის პრინცი ჩარლზი და მომღერალი რიანა ესწრებოდნენ, ქვეყნის ახალი და პირველი პრეზიდენტი სანდრა მეისონი უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად შეუდგა.
ახალი რესპუბლიკა სახელმწიფოს დედაქალაქ ბრიჯთაუნში იმ დღეს გამოაცხადეს, როდესაც ქვეყანა დამოუკიდებლობის 55-ე წლისთავს ზეიმობდა. ბარბადოსმა ლონდონისგან სრული დამოუკიდებლობა 1966 წელს მიიღო, თუმცა ის კონსტიტუციურ მონარქიად რჩებოდა, ამიტომ ქვეყნის მეთაურად დღემდე ბრიტანეთის დედოფალი ითვლებოდა.
"ამ რესპუბლიკის შექმნა ახალი ცხორების დაწყებას ნიშნავს. წარსულის ყველაზე ბნელი დღეებისა და მონობის საზარელი დანაშაულების შემდეგ, რომელმაც სამუდამოდ დატოვა ლაქა ჩვენ ისტორიაზე, ბარბადოსის ხალხი სულის საოცარი ძალით იწყებს თავის გზას", - განაცხადა პრინცმა ჩარლზმა.
ბარბადოსზე პირველი ბრიტანული კოლონია 1627 წელს გაჩნდა. 200 წლის განმავლობაში კუნძულზე აფრიკიდან 600 ათასი მონა ჩაიყვანეს, რომლებიც შრომობდნენ შაქრის პლანტაციებში და თავიანთ ინგლისელ პატრონებს უზარმაზარ მოგებას აძლევდნენ. ამის გარდა, ბარბადოსი რჩებოდა უმსხვილეს სატრანსპორტო კვანძად ტრანსატლანტიკური მონათა ვაჭრობისთვის. კუნძულზე მონებით ვაჭრობა 1834 წელს აიკრძალა.
ახალი რესპუბლიკის დაფუძნებას მიესალმა დედოფალი ელისაბედ მეორეც. მან თავის გზავნილში ერს თბილი და საუკეთესო სურვილების გადასცა, უსურვა მშვიდობა და აყვავება.
ფიცი დადო ქვეყნის ახალმა ლიდერმა 72 წილის სანდრა მეისონმა, რომელიც 2018 წლიდან ბარბადოსის გენერალ-გუბერნატორი იყო, ოქტომბერში ქვეყნის პარლამენტმა ის პრეზიდენტად აირჩია.
ამის გარდა, ცერემონიას ესწრებოდა მომღერალი რიანა, რომელიც კუნძულზე დაიბადა. 2018 წელს მას ბარბადოსის საგანგებო და სრულუფლებიანი ლეჩის რანგი მიენიჭა. დღეს პრემიერ-მინისტრმა მია მოთლიმ კი მას ეროვნული გმირი უწოდა.