„ნაციონალური მოძრაობის“ იდელოგიის ნაწილია, როდესაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ახსენებენ რუსეთს, რუსულ იარლიყებს აკრობენ ადამიანებსა თუ მოვლენებს და ამით ამართლებენ ყველაფერს - ფიზიკურ თუ მორალურ ძალადობას. თუ ვინმეს რუსეთის აგენტის იარლიყს მიაკრავენ, შეიძლება, მასზე იძალადო ფიზიკურად თუ მორალურად, გარიყო საზოგადოებისგან“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ყოფნის მთელი დროის განმავლობაში ცდილობდა ადამიანების გარიყვას, მათთვის ღირსების შელახვას, ადამიანის, როგორც ღირსების მქონე ინდივიდის განულებას.
„ამას აკეთებენ ახლაც, როცა ოპოზიციაში არიან, ოღონდ, აღარ აქვთ ძალაუფლების ინსტრუმენტები და ახლა მათთვის ეს ინსტრუმენტია ადამიანის სოცმედიაში დამუნათება, „ჰეითერობა“, შესევა, კომენტარები, „დაბულინგება“ და, ზოგადად, მედიის საშუალებით, ადამიანზე ძალადობა. „ნაციონალურ მოძრაობას“ მიკედლებული პატარა პარტიების ყველა წარმომადგენელი, პირად საუბრებში, ადასტურებს, რამდენად ეშინია „ნაციონალური მოძრაობის“ ტელევიზიების. შიშობენ, რაიმე ისეთი არ თქვან, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხაზს გადაუხვევენ. იციან, რომ ჩაგვრისა და გარიყვის ობიექტებად აქცევენ. გუშინ, როცა მიხეილ სააკაშვილმა საზოგადოებას მიმართა: „არ მოგენატრათ თქვენი ქვეყნის სიამაყის განცდა? არ მოგენატრათ განვითარების ტემპი და დრაივი? არ მოგენატრათ სიახლე და აღმშენებლობა? არ მოგენატრათ სიყვარული და სითბო? არ მოგენატრათ გამარჯვების ზეიმი?“, ამ კითხვამ აჩვენა, რომ, სინამდვილეში, მას მოენატრა ძალაუფლება, რომელიც მაშინ ჰქონდა. ეს ის კითხვაა, რომელსაც ის ყოველფრე უსვამს საკუთარ თავს და ყოველდღე პასუხობს, რომ მოენატრა აბსოლუტური ძალაუფლება. ამ ძალაუფლებისთვის, მზად იყო, კონტეინერით, არაჟანთან ერთად შემოპარულიყო ქვეყანაში, რათა ეს ქვეყანა აერია“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.