სულ მცირე ორჯერ ვთქვი უარი უკრაინის პრემიერ-მინისტრობაზე, გვერდზე გავწიე ფუფუნება, პატივისცემა, ბევრი ადამიანი იტყვის, რომ არ ვარ საღ ჭკუაზე, რამ უნდა აიძულოს ადამიანი, ეს ყველაფერი გვერდზე გადადოს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"თქვენ იცით, რომ მე ვარ ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანაში იმ საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარე, რომელიც ყოველთვიურად იკრიბება, რომელშიც შედიან უკრაინის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის სპიკერი, ყველა მინისტრი, გენერალური პროკურორი და რომელიც დაკავებულია იმით, რომ ამზადებს უკრაინის პარლამენტისთვის აუცილებელ რეფორმებს. ჩემი მომზადებული რამდენიმე კანონი მიიღო პარლამენტმა, ეს არის მაგალითად კანონი „მიწის საკუთრების შესახებ“, კანონთა მთელი კრებული აქვს სამშენებლო ნებართვების შესახებ, რომელიც არ აწყენდა არც საქართველოს, რადგან ამ სფეროში ძალიან დიდი კორუფციაა, ელექტროენერგიის შესახებ და ახლა, წასვლის წინ დავუტოვე სწორედ უკრაინის ეკონომიკის თავისუფლების აქტი, რომელიც საქართველოში გვქონდა და ამ მთავრობამ გააუქმა. ასევე დავუტოვე უკრაინის ჯანდაცვის რეფორმების ფუნდამენტური პაკეტი.
უკრაინაში მეკავა ძალიან მნიშვნელოვანი პოზიცია, უფრო მეტიც, მაგალითად, „იფსოსის“ გამოკითხვით ვიყავი მთავარი, პირველ ადგილზე, ვის ყოფნას ისურვებდნენ უკრაინის პრემიერ-მინისტრად, უფრო მეტიც, სულ მცირე ორჯერ მაქვს უარი ნათქვამი უკრაინის პრემიერ-მინისტრობაზე პრეზიდენტ პოროშენკოს დროს", – აღნიშნა სააკაშვილმა.