ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია "მწვანე პასპორტთან" დაკავშირებით ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხებს და საოპერაციო ინსტრუქციას აქვეყნებს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, პირველი დეკემბრიდან მომხმარებელს მხოლოდ „მწვანე სტატუსის“ ქონის შემთხვევაში შეეძლება, ესტუმროს შემდეგ ობიექტებს: სასტუმროები და განთავსების სხვა ობიექტები, კვების ობიექტები (რესტორნების, კაფეების, ბარების ღია და დახურული სივრცეები, მათ შორის სავაჭრო ცენტრებში არსებული), კინოთეატრები, თეატრები, საკონცერტო დარბაზები, ოპერა, გასართობი ობიექტები, სამორინეები და სათამაშო დარბაზები, სპა ცენტრები და ფიტნესდარბაზები, სამთო კურორტების საბაგიროები.
"მწვანე სტატუსის" ქონა არ არის სავალდებულო 18 წლამდე პირთათვის.
ვინ არის მწვანე სტატუსის მქონე პირი?
• სრულად ვაქცინირებული (ან)
• 72-საათიანი ვალიდურობის ნეგატიური პასუხის PCR ტესტის მქონე (ან)
• 24 საათიანი ვალიდურობის ნეგატიური პასუხის ანტიგენ სწრაფი ტესტის მქონე (ან)
• კოვიდგადატანილი
შენიშვნა: თუ პირს მწვანე სტატუსი მინიჭებული აქვს ჩატარებული PCR ან ანტიგენ სწრაფი ტესტის საფუძველზე – მწვანე სტატუსი შეუწყდება ტესტის ვადის გასვლისთანავე.
როდის მიენიჭება პირს მწვანე სტატუსი?
• ვაქცინაციის მეორე დოზის ჩატარების შემდეგ
• PCR და ანგიგენის ტესტის ნეგატიური პასუხის მიღების (ლაბორატორიის მიერ პასუხის სისტემაში ატვირთვის) შემდეგ
• „კოვიდის“ ოფიციალურად დადასტურებიდან 14 დღის შემდეგ
რა არის მწვანე პასპორტი?
• CovidPass Georgia – აპლიკაციაში რეგისტრაციის გზით მიღებული QR კოდი (ან)
• moh.gov.ge – საიტზე რეგისტრაციის გზით მიღებული QR კოდი (ან)
• საქართველოში ვაქცინაციის ცენტრებში, კლინიკებსა და იუსტიციის სახლებში დაბეჭდილი დოკუმენტის QR კოდით (ან)
• ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და EU Digital COVID Certificate სისტემაში ინტეგრირებული სხვა ქვეყნების ოფიციალური უწყების მიერ დაბეჭდილი დოკუმენტის QR კოდით ან ელექტრონულად მინიჭებული QR კოდით
შენიშვნა:
• EU Digital COVID Certificate სისტემაში ამჟამად ინტეგრირებულია 51 ქვეყანა;
• საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც ვაქცინაცია ან ტესტი ჩატარებული აქვთ საზღვარგარეთ (არა EU Digital COVID Certificate სისტემაში ინტეგრირებულ ქვეყნებში) „მწვანე სტატუსის“ მიღება შეუძლიათ მხოლოდ საზღვრის კვეთის შემდეგ (მნიშვნელობა არ აქვს როდის გადმოკვეთა საზღვარი) CovidPass Georgia – აპლიკაციაში ან moh.gov.ge – საიტზე რეგისტრაციის გზით (ვალიდაციის კოდი შეეძლებათ მიიღონ ქართულ მობილურის ნომერზე ან ელექტრონულ ფოსტაზე
როგორ მოვახდინოთ მწვანე პასპორტის ვალიდაცია?
• Covidpass Georgia აპლიკაციის QR წამკითხველით ან moh.gov.ge QR წამკითხველით
• წამკითხველის გამოყენებისთვის საჭიროა მხოლოდ აპლიკაციის გადმოწერა. დამატებითი მონაცემების შეყვანა საჭირო არ არის.
რა ინფორმაციას იღებს ვალიდატორი QR კოდის წაკითხვისას?
• საქართველოს მოქალაქის შემთხვევაში – პიროვნების ფოტოსურათს და სახელისა და გვარის ინიციალებს
• უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემთხვევაში – პიროვნების სახელს და გვარს, დაბადების თარიღს და დოკუმენტის N-ს.
• აკმაყოფილებს თუ არა პიროვნება მწვანე სტატუსს
• რა ვადით აქვს პირს მინიჭებული მწვანე სტატუსი (ტესტის შემთხვევაში წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია როდის ეწურება პირს მწვანე სტატუსი)
შენიშვნა: covidpass.moh.gov.ge საიტი და Covidpass Georgia აპლიკაცია ამჟამად სატესტო რეჟიმში მუშაობს და გამართულ ფუნქციონირებას დაიწყებს პირველი დეკემბრიდან.
ვის შეუძლია საახალწლო ღონისძიებების მასპინძლობა?
• ობიექტს, რომლის ყველა თანამშრომელი (100%) არის მწვანე სტატუსის მქონე
მონიტორინგი და სანქციები
• მონიტორინგს განახორციელებს საქართველოს შრომის ინსპექცის სამსახური – შერჩევის პრინციპით
• ობიექტზე არა „მწვანე სტატუსის“ პირის დაშვებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ობიექტს. წესის დარღვევის შემთხვევაში, სანქცია შეადგენს იურიდიული პირისთვის 10 000 ლარს, ინდმეწარმისთვის – 2 000 ლარს (განმეორების შემთხვევაში ობიექტის დალუქვა).
ვის დავუკავშირდეთ ტექნიკური ხარვეზის შემთხვევაში?
• 144 – მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზი
• 1505 – ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი
• 1522 -ვაქცინაცცის ცხელი ხაზი
• 0800800909 – სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცხელი ხაზი. ელექტრონული ფოსტა: appsupport@ita.gov.ge.