აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, კორონავირუსის ომიკრონი შტამი, შესაძლოა, უკვე შეერთებულ შტატებშიც ცირკულირებდეს, მიუხედავად იმისა, რომ იგი ჯერ გამოვლენილი არ არის.
"გასაკვირი არ იქნება, რომ ომიკრონი ამერიკაშიც იყოს შემოღწეული, მით უფრო, იმ ფონზე, როდესაც კორონავირუსი გავრცელების ასეთ მაღალ შესაძლებლობას აჩვენებს. გარდა ამისა, ჩვენ ვხედავთ, რომ ახალი შტამის შემთხვევები სულ უფრო და უფრო მეტ ქვეყანაში ფიქსირდება", - თქვა ფაუჩიმ.
მიუხედავად იმისა, რომ, მისი თქმით, არ არსებობს პანიკის საფუძველი, ფაუჩი გამოვიდა გაფრთხილებით, ახალი ვარიანტი სერიოზულად უნდა იქნეს აღქმული. მისივე თქმით, გამართლებულია ახლად დაწესებული მოგზაურობის აკრძალვა სამხრეთ აფრიკისა და შვიდი მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ.
კორონავირუსის ახალი შტამი B.1.1.529, რომელსაც მოგვიანებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ "ომიკრონი" უწოდა, თავდაპირველად სამხრეთ აფრიკის რეგიონში, ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში გავრცელდა. მალევე, ომიკრონის შემთხვევები დაფიქსირდა ბრიტანეტში, გერმანიაში, იტალიაში, ბელგიაში, ჩეხეთში, ისრაელსა და ჰონგ კონგში.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის "ომიკრონი" შტამი "შემაშფოთებელ" ვარიანტთა ნუსხაში შეიტანა. ახალი შტამის გავრცელების ფონზე, ქვეყნები სამოგზაურო შეზღუდვებს აწესებენ სამხრეთ აფრიკის რეგიონში მდებარე ქვეყნებისთვის. ცოტა ხნის წინ, სამოგზაურო რეგულაციები დააწესა საქართველომაც.
მეცნიერთა თქმით, ახალი ვარიანტის მუტაციის რაოდენობა შემაძრწუნებელია. კორონავირუსის არც ერთი წინა ვარიანტი ასე ინტენსიურად არ მუტირებდა. მათივე თქმით, ის ძლიერ განსხვავდება ყველა წინამორბედისგან.
"ამ ვარიანტმა გაგვაკვირვა. მან დიდი ევოლუციური ნახტომი განიცადა და 50-მდე მუტაცია გაიარა", - განაცხადა სამხრეთ აფრიკის ეპიდემიოლოგიური რეაგირების ცენტრის ხელმძღვანელმა ტულიო დე ოლვეირამ.
სპეციალისტების აზრით, ინტენსიური მუტაცია აუცილებელი არ არის ადამიანისთვის საშიში იყოს, მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ საქმე გვაქვს ვირუსთან, რომელიც რადიკალურად განსხვავდება უხანში წარმოშობილი ვირუსისგან.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ მომენტისთვის ვაქცინები, შესაძლოა, არასაკმარისად ეფექტიანი აღმოჩნდეს B.1.1.529-ის წინააღმდეგ.