კორონავირუსის ახალი შტამის, ომიკრონის შემთხვევები დადასტურდა გერმანიასა და იტალიაში.
იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ომიკრონი კამპანიის რეგიონში დაფიქსირდა. უწყების განცხადებით, ახალი შტამი მოზამბიკიდან ჩასულ მგზავრს დაუდასტურდა.
ცოტა ხნით ადრე, გერმანიის ხელისუფლებამ ქვეყანაში ომიკრონის პირველი ორი დადასტურებული შემთხვევა გამოავლინა. ინფიცირებულები არიან სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ კეიპტაუნიდან მიუნხენში ჩასული მგზავრები.
მანამდე, ომიკრონის ორი შემთხვევა გამოვლინდა ბრიტანეთში.
კორონავირუსის ახალი შტამი B.1.1.529, რომელსაც მოგვიანებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ "ომიკრონი" უწოდა, თავდაპირველად სამხრეთ აფრიკის რეგიონში, ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში გავრცელდა. მალევე, ომიკრონის შემთხვევები დაფიქსირდა ბრიტანეტში, გერმანიაში, იტალიაში, ბელგიაში, ჩეხეთში, ისრაელსა და ჰონგ კონგში.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის "ომიკრონი" შტამი "შემაშფოთებელ" ვარიანტთა ნუსხაში შეიტანა. ახალი შტამის გავრცელების ფონზე, ქვეყნები სამოგზაურო შეზღუდვებს აწესებენ სამხრეთ აფრიკის რეგიონში მდებარე ქვეყნებისთვის. ცოტა ხნის წინ, სამოგზაურო რეგულაციები დააწესა საქართველომაც.
მეცნიერთა თქმით, ახალი ვარიანტის მუტაციის რაოდენობა შემაძრწუნებელია. კორონავირუსის არც ერთი წინა ვარიანტი ასე ინტენსიურად არ მუტირებდა. მათივე თქმით, ის ძლიერ განსხვავდება ყველა წინამორბედისგან.
"ამ ვარიანტმა გაგვაკვირვა. მან დიდი ევოლუციური ნახტომი განიცადა და 50-მდე მუტაცია გაიარა", - განაცხადა სამხრეთ აფრიკის ეპიდემიოლოგიური რეაგირების ცენტრის ხელმძღვანელმა ტულიო დე ოლვეირამ.
სპეციალისტების აზრით, ინტენსიური მუტაცია აუცილებელი არ არის ადამიანისთვის საშიში იყოს, მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ საქმე გვაქვს ვირუსთან, რომელიც რადიკალურად განსხვავდება უხანში წარმოშობილი ვირუსისგან.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ მომენტისთვის ვაქცინები, შესაძლოა, არასაკმარისად ეფექტიანი აღმოჩნდეს B.1.1.529-ის წინააღმდეგ.