საზოგადოებრივმა კომიტეტმა უნდა დაიწყოს მიხეილ სააკაშვილის სწრაფად გათავისუფლების პროცესი - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა.
უდუმაშვილის განცხადებით, დღეს, ოპოზიციის მთავარი ამოცანა ვადამდელი არჩევნების დანიშნვაა, პარალელურ რეჟიმში კი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება.
"ჩვენთვის, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ბრძოლის ეს ორი ხაზია – მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნები. ორივე მიმართულებით ჩვენ ძალიან აქტიურები ვიქნებით. რაც შეეხება საზოგადოებრივ კომიტეტს, უნდა დაიწყოს აქტიური ბრძოლა იმ მიმართულებით, რომელიც პრიორიტეტული და მთავარია "ნაციონალური მოძრაობისთვისაც" და ეს არის მიხეილ სააკაშვილის რაც შეიძლება სწრაფად გათავისუფლების პროცესი. ის დღეს პუტინის პირადი პატიმარია ქართულ ციხეში. ის არის პოლიტიკური დევნის მსხვერპლი და ბუნებრივია, ეს უკანონობა ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს. ზოგადად, უნდა დავასრულოთ არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის, არამედ პოლიტიკური პატიმრების თემა. სწორედ ამას ემსახურება ის ინიციატივა, რომელიც გააერთიანებს არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, არამედ საზოგადოების ყველა ფენას, რომელსაც სურს, ჩაერთოს ამ ბრძოლაში", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.