მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების პროცესში უნდა ჩაერთოს საზოგადოების სხვადასხვა ფენა - აცხადებას "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი.
მისი მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება არ არის ერთი რომელიმე პარტიის მიზანი. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ ჩამოსულა, რომ ციხეში ჩამჯდარიყო, ის ჩამოვიდა, რათა ხელისუფლების ცვლილებაში დახმარებოდა საქართველოს მოსახლეობას და ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს.
"რაც შეეხება საზოგადოებრივ კომიტეტს, ყველა ინდივიდუალურად გადაწყვეტს ყველა პარტია შეუერთდება თუ არა ამ კომიტეტს, პოლიტიკურ პარტიებს აქვთ სერიოზული ამოცანა და ეს არის მიხეილ სააკაშვილის ამოცანაც. ჩვენ უნდა მივიდეთ ამ ბრძოლის შედეგად ვადამდელ არჩევნებამდე და ბუნებრივია, ყველამ უნდა შეიტანოს თავისი წვლილი. მიხეილ სააკაშვილმა არაერთხელ თქვა და გუშინდელ განცხადებაში კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის არ აპირებს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ რაიმე თანამდებობაზე ქონდეს პრეტენზია. ის ჩამოვიდა საქართველოში მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ დაეხმაროს ქართველ ხალხს ბრძოლაში. მიხეილ სააკაშვილი, სადაც არ უნდა იყოს, რა პასპორტიც არ უნდა ქონდეს, ის ყოველთვის იქნება ჩართული ქართულ პოლიტიკაში. ასეთი მასშტაბის პოლიტიკოსის განცხადება და მისი მოქმედება ყოველთვის ახდენს გავლენას მით უმეტეს მის მშობლიურ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში“, – განახცადა უდუმაშვილმა.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი გამოვიდა მოწოდებით, რომ მის გათავისუფლებაზე საზოგადოებრივმა კომიტეტმა იზრუნოს.