რიკსდაგმა, შვედეთის ერთპალატიანმა პარლამენტმა, მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე დაამტკიცა მაგდალენა ანდერსონი, რომელიც ამ ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი იქნება.
მაგდალენა ანდერსონმა პრემიერ-მინისტრისა და მემარცხენე ცენტრისტული სოციალ-დემოკრატების ლიდერის პოსტზე შტეფან ლევენი ჩაანაცვლა.
ოთხშაბათს, რიკსდაგში გამართულ კენჭსყრაში ანდერსონის კანდიდატურას მხარი 117-მა დეპუტატმა დაუჭირა, 174 წინააღმდეგ წავიდა, 57-მა კი თავი შეიკავა.
მიუხედავად იმისა, რომ ანდერსონის კანდიდატურას უფრო მეტმა პარლამენტარმა გაუწია წინააღმდეგობა, ვიდრე მხარი დაუჭირა, შვედური კანონმდებლობის თანახმად, ამას ხელი არ შეუშლია მის პრემიერ-მინისტრად გახდომისთვის. ადგილობრივი კანონებით, პრემიერ-მინისტრად ასარჩევად, აუცილებელია, რომ პარლამენტართა ნახევარზე მეტმა კანდიდატის წინააღმდეგ არ მისცეს ხმა.
მაგდალენა ანდერსონი თავისი უფლებამოსილების განხორციელებას ოფიციალურად შვედეთის მონარქთან, მეფე კარლ XVI გუსტავთან შეხვედრის შემდეგ შეუდგება.
შვედეთი ერთადერთი სკანდინავიური ქვეყანაა, რომელსაც ამ დრომდე არ ჰყოლია ქალი პრემიერ-მინისტრი.
უწინ, ანდერსონი ლევენის მთავრობაში ფინანსთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა. 54 წელის პოლიტიკოსმა, რომელიც ახალგაზრობაში ცურვის ჩემპიონი იყო, პოლიტიკური კარიერა 1996 წელს დაიწყო, როგორც მაშინდელი პრემიერის პოლიტიკური მრჩეველი.