20 ნოემბერს მსოფლიო ბავშვთა ძალადობის წინააღმდეგ საერთაშორისო დღესა და ბავშვის უფლებათა კონვენციის 20 წლის იუბილეს აღნიშნავს. ასოციაცია "საქართველოს სოს ბავშვთა სოფელი" ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა ორგანიზებას წელს უკვე მეორედ აკეთებს.
20 ნოემბერს, 11:00 საათზე, მანიფესტაცია ფილარმონიასთან პერფომანსით დაიწყება. მსახიობები განასახიერებენ ბავშვების მიმართ ძალადობის სცენებს და ბავშვთა უფლებების დაცვის კონკრეტულ შემთხვევებს.
მანიფესტანტები რუსთაველის ძეგლისკენ გაემართებიან, სადაც ასევე გაიმართება თეატრალური წარმოდგენა. მსვლელობა 13:00 საათზე მოზარდ მაყურებელთა თეატრთან დასრულდება, სადაც ბავშვები თეატრალურ წარმოდგენას დაესწრებიან.
"ბავშვებზე და მოზარდებზე ძალადობისა და მათი უფლებების დარღვევის ფაქტებს ხშირად ვხვდებით. დღეს ბავშვები თავად გამოვლენ ძალადობის წინააღმდეგ და გვეტყვიან, რომ მათი უფლებების დაცვა თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა. ასოციაცია "საქართველოს სოს ბავშვთა სოფელი" თეატრალიზებული წარმოდგენით და მანიფესტაციით მოგვიწოდებს საქართველოს მოსახლეობას, დავიცვათ ბავშვების უფლებები და ხმა ავიმაღლოთ ძალადობის წინააღმდეგ", _ აცხადებენ ორგანიზატორები.