აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მეორე ვადით, 2024 წლის არჩევნებში კენჭისყრას აპირებს, იმის მიუხედავად, რომ მისი რეიტინგი 40 პროცენტამდე დაეცა. იუწყება გაზეთი The Washington Post.
ბაიდენი 2024 წელს 82 წლის იქნება. ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ დემოკრატები ფსონს ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისზე დადებენ, რომელიც მომავალი არჩვნებისთვის 57 წლის გახდება.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, პრეზიდენტის გარემოცვა მოკავშირეებს არწმუნებს, რომ ბაიდენი მზად არის მეორე ვადით კენჭისყრაზე. ამასთან, დემოკრატები ეჭვობენ, რამდენად სწორი გადაწყვეტილება იქნება ბაიდენის ასაკიდან, ასევე თეთრი სახლის მიმართ ნდობის შემცირების, ინფლაციისა და კორონავირუსის პანდემიის გამო ელექტორატის შეშფოთებიდან გამომდინარე.
გამოცემის მონაცემებით, თუ ბაიდენი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გადაწყვეტს, დემოკრატი ოფიციალური პირები მას მხარს ადრეულ ეტაპზე დაუჭერენ.
ამასთან, თუ ის უარს იტყვის მსგავს გეგმებზე, პრაიმერიზის წინ, დემოკრატები, შესაძლოა, მკაფიო ლიდერის გარეშე დარჩნენ. გამოცემა ყურადღებას აქცევს იმას, რომ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს უმრავლესობის უსიტყვო მხარდაჭერა არ აქვს. ერთ-ერთ პოტენციურ კანდიდატად ასევე განიხილება ტრანსპორტის მდივანი პიტ ბუტიჯიჩი.