მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე "მთავარ არხთან" საუბარში აცხადებს, რომ ერთი პარტია მუდამ ხელისუფლებაში ვერ იქნება და "ქართული ოცნება" წყნარად უნდა გადავიდეს ოპოზიციაში.
ბურჭულაძე ასევე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ამჟამად გორის ჰოსპიტალში გადის მკურნალობას, სამართლიანი სასამართლოს უფლება უნდა მიეცეს.
"ყველაზე მთავარია, ჩატარდეს სამართლიანი სასამართლო, მიეცეს მიხეილ სააკაშვილს სასამართლოზე დასწრების უფლება. ნუ ეშინია "ქართულ ოცნებას" ოპოზიციაში გადასვლის, უნდა გადავიდეს წყნარად. დღეს ვინც არის მთავრობაში, არც ერთი არ ყოფილან ოპოზიციაში, ჰგონიათ, რომ მოვიდნენ დასხდნენ მთავრობაში ასე იქნებიან მთავრობაში მთელი ცხოვრების განმავლობაში, ასე არ არის ბატონებო. მოხვედით, ვერ გაამართლეთ, ხალხმა გადაგირჩიათ", - ამბობს პაატა ბურჭულაძე.
მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში გადაყვანას დათანხმდა და შიმშილობა შეწყვიტა, ოპოზიციის მთავარ მოთხოვნად კვლავ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება რჩება.