შაბათს, 20 ნოემბერს, ათასობით ადამიანი გამოვიდა ავსტრიის დედაქალაქ ვენის ქუჩებში, რათა გაეპროტესტებინათ მთავრობის მიერ დაწესებული კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები.
ვენის პოლიციის განცხადებით, დედაქალაში გამართულ საპროტესტო აქციაზე დაახლოებით 35 ათასი ადამიანი იყო შეკრებილი.
ულტრამემარჯვენე თავისუფლების პარტიის მესვეურების მტკიცებით, რომლებიც სათავეში ედგნენ ამ აქციის ორგანიზებას, ქალაქის ქუჩებში 100 000-ზე მეტმა ადამიანმა მოიყარა თავი.
როგორც იუწყებიან, საპროტესტო მოძრაობამ თითქმის მთელ ვენაში სატრანსპორტო კოლაფსი გამოიწვია.
აქციის მონაწილეები ხმამაღლა სკანდირებდნენ "თავისუფლება", "ვაქცინაციის გარეშე", "ჩემი სხეული, ჩემი გადაწყვეტილება", - რითაც გამოხატავდნენ თავიანთ მკაცრ წინააღმდეგობას სავალდებულო ვაქცინაციის მიმართ.
აქცია ძირითადად მშვიდად მიმდინარეობდა. საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის 10 პირი დააკავეს.
ავსტრიის ხელისუფლებამ კორონავირუსის სწრაფი გავრცელებისა და ვაქცინაციის დაბალი ტემპის გამო 22 ნოემბრიდან მკაცრი ლოკდაუნი გამოაცხადა, ხოლო მომავალი წლის თებერვლიდან ვაქცინაცია სავალდებულო გახადა.
კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით სრულად ქვეყნის 65 პროცენტია აცრილი, რაც ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.