იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე განცხადებების მიღების ვადა დღეს იწურება.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს თელავის უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნელი ცქიტიშვილმა განუცხადა, ამ დროისთვის, რექტორის თანამდებობის დასაკავებლად, უნივერსიტეტში მხოლოდ ერთი განაცხადია შესული.
„დღეს შემოიტანა განცხადება თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა თინათინ ჯავახიშვილმა. მეტი განაცხადი ჯერჯერობით არ შემოსულა", - აღნიშნა ნელი ცქიტიშვილმა.
რექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე განცხადებების მიღება 23 ოქტომბერს დაიწყო.
უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილების მიხედვით, უნივერსიტეტის რექტორი შეიძლება გახდეს ისეთი პირიც, ვინც არ არის უნივერსიტეტის თანამშრომელი.
ნელი ცქიტიშვილის თქმით, რექტორის თანამდებობის დაკავების მსურველებმა უნივერსიტეტში უნდა წარადგინონ ჩV, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და სამოქმედო გეგმა.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი გოცირიძე თანამდებობიდან 8 სექტემბერს გადადგა. რექტორის არჩევნები 2010 წლის 22 დეკემბერს არის დანიშნული.