პარასკევს, შუადღისას, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ქვეყნის მართვის სადავეები მცირე ხნით გადასცა ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს, ვინაიდან პრეზიდენტ ბაიდენს გეგმური კოლონოსკოპიის გამო, არც თუ ისე დიდი დროით, ანესთეზიის ქვეშ ყოფნა მოუწია.
ამდენად, კამალა ჰარისი პირველი ქალი გახდა ამერიკის ისტორიაში, რომელიც დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში საპრეზიდენტო ძალაუფლებას ფლობდა, მათ შორის აკონტროლებდა ბირთვულ იარაღს.
ამერიკის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტმა უფლებამოსილება უნდა გადააბაროს ვიცე-პრეზიდენტს, თუ მას სამედიცინო პროცედურის გამო, ანესთეზიის ქვეშ ყოფნა მოუწევს.
ჯო ბაიდენმა ყოველწლიური სამედიცინო შემოწმება უოლტერ რიდის სამედიცინო ცენტრში გაიარა.
ამ დროისთვის, ჯო ბაიდენმა კვლავ დაიბრუნა პრეზიდენტის უფლებამოსილება.
კამალა ჰარისი პირველი ქალია, რომელიც შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს. ქვეყნის 250-წლიან ისტორიაში დღემდე არც ერთ ქალს არ ეპყრა ხელთ ამერიკის მართვის სადავეები, თუნდაც მცირე ხნით.
მანამდე პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ორჯერ გადასცა თავისი უფლებამოსილება ვიცე-პრეზიდენტ დიკ ჩეინს კოლონოსკოპიის დროს 2002 და 2007 წლებში.