ელენე ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა. ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ თავად განაცხადა. მისივე თქმით, გააგრძელებს ბრძოლას ბევრი სხვა პოლიტიკური ამოცანისთვის.
ელენე ხოშტარიამ ასევე აღნიშნა, რომ ელოდება ექიმს, რადგან შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესი მნიშვნელოვანია.
"გორის კლინიკაში უსაფრთხოდ გადაყვანა არის ამ ვითარებაში გამოსავალი მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით. ეს არის საფუძველი ჩემი შიმშილობის შეწყვეტის. მე მიმაჩნია, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან თანმიმდევრულები და ფრთხილები ამ ვითარებაში როდესაც არის დიდი მღელვარება საზოგადოებრივი და როდესაც ადამიანის სიცოცხლე არის სასწორზე, სამწუხაროდ, ეკა ხერხეულიძეს არ მიეცა საშუალება რომ შესულიყო და სწრაფად გამოეტანა ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის პოზიციის შესახებ ერთადერთი რაც ჩვენ ვიცით გადაყვანის პროცესთან დაკავშირებით ეს არის აბსოლუტურად ლეგიტიმური მოთხოვნა რომ ეს უნდა იყოს ლეგიტიმური ადვოკატთან ერთად, ეს უნდა იყოს გამჭვირვალე და მშვიდობიანი პროცესი... მე ველოდები ექიმს, რეაბილიტაციის პროცესი არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ეტაპი და ველოდები", - ამბობს ელენე ხოშტარია.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გააკეთა შეთავაზება, მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იყოს გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში. მისი თქმით, მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იქნება რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში. ამასთან, აღნიშნა, რომ ოპონენტების მხრიდან ნებისმიერი სახის პროვოკაციის შემთხვევაში, რამაც შეიძლება, ხელი შეუშალოს პატიმრის გადაყვანას და შემდგომ სამედიცინო პერსონალის მუშაობას, პატიმარი გადაყვანილი იქნება მე-18 დაწესებულებაში და ნებისმიერი კანონდამრღვევი უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე.
ელენე ხოშტარია, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, 3 ნოემბრიდან შიმშილობდა.