მდგომარეობის კრიტიკულობიდან და მოსალოდნელი გართულებების გათვალისწინებით, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში, - ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
სახალხო დამცველის ცნობით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო N18 დაწესებულებაში დამატებითი ვიზიტი განახორციელა.
„გართულებული მდგომარეობის ადგილზე გაცნობის შემდეგ, ექსპერტთა ჯგუფის წევრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ აუცილებელია დაუყოვნებლივ მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა პოლიპროფილურ, მაღალტექნოლოგიურ ჰოსპიტალში.
მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველის მიერ შექმნილ სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფმა 17 ნოემბრის დასკვნით, პაციენტის მდგომარეობა შეაფასა როგორც კრიტიკული და მძიმე გართულებების პროგნოზი გააკეთა, რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობის შედეგად, მიხეილ სააკაშვილს განუვითარდა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გართულება – ვერნიკეს ენცეფალოპატიით გამოწვეული გულყრა.
ამ პერიოდში თავის ტვინში მიმდინარე კეროვანი პროცესების სრულფასოვანი შეფასებისთვის საჭიროა თავის მრტ/მრა კვლევა, მრ ვენოგრაფის ჩათვლით. რეკომენდებულია ასევე ეეგ კვლევა. ექსპერტთა სხვა დეტალური რეკომენდაციები უშუალოდ მიეწოდა დაწესებულების მთავარ ექიმს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
სახალხო დამცველი იუსტიციის მინისტრს და პენიტენციურ სამსახურს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა შესაბამის ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში.
„მდგომარეობის კრიტიკულობიდან და მოსალოდნელი გართულებების გათვალისწინებით, სახალხო დამცველი და ექსპერტთა ჯგუფი კიდევ ერთხელ მოუწოდებს იუსტიციის მინისტრს/სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, დაუყოვნებლივ მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა შესაბამის ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში, რადგანაც სახეზეა უფრო საშიში გართულების – ვერნიკეს ენცეფალოპათიით გამოწვეული ეპილეფსიური სტატუსის ან კომის განვითარების მაღალი ალბათობა, რაც შესაძლოა ლეტალური შედეგით დასრულდეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, გუშინ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა, რომ ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ სააკაშვილი მოსხლეტით წაიქცა და საკაცით გაიყვანეს. მოგვიანებით, ექიმ-რეანიმატოლოგ გულიკო ქილიფთარმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება და მისი მდგომარეობა სტაბილურია.
მიხეილ სააკაშვილი 50-ე დღეა შიმშილობს.