საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის, Amnesty International-ის განცხადებით, თავდასხმები საქართველოს სახალხო დამცველზე, რომელიც ადამიანის უფლებებს იცავს, მიუღებელია.
ორგანიზაციის განცხადებით, მთავრობამ არ უნდა შეაფერხოს უფლებადამცველი ინსტიტუტის მუშაობა და გაითვალისწინოს მისი რეკომენდაციები.
"თავდასხმები საქართველოს სახალხო დამცველზე, რომელიც ადამიანის უფლებებს იცავს, მიუღებელია. მთავრობამ კი არ უნდა შეაფერხოს, არამედ პატივი უნდა სცეს უფლებადამცველი ინსტიტუტების მუშაობას და მათი რეკომენდაციები, პრიორიტეტული გახდეს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა, რეალობაში უნდა განახორციელოს, - წერს ორგანიზაცია Twitter-ზე.
ცოტა ხნით ადრე, საქართველოს სახალხო დამცველმა გაავრცელა განცხადება და მოუწოდა საერთაშორისო მისიებს, თავიანთი მანდატის ფარგლებში, შეეფასებინათ "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება, სადაც მან სახალხო დამცველისა და მის მიერ მოწვეული ექსპერტების შესაძლო პასუხისმგებლობის საკითხზე ისაუბრა.
სახალხო დამცველის განცხადებით, ირაკლი კობახიძის რიტორიკა სცილდება სამართლებრივ ჩარჩოს, წარმოადგენს დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ორგანოზე, მის ექსპერტებზე თავდასხმისა და დაშინების მცდელობას, ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების ეროვნულ და საერთაშორისო ვალდებულებებს.