თუ ვთანხმდებით, რომ ექსპრეზიდენტი რიგითი პატიმარი არ არის და ვერ იქნება, მაშინ ასევე უნდა შევთანხმდეთ, რომ ის შესაძლებლობა, რაც ეძლევათ რიგით პატიმრებს, რომ გადაყვანილი იყვნენ სამოქალაქო სივრცეში, სწორედ ამ განსაკუთრებულებიდან გამომდინარე, უფრო რთულად განსახორციელებელია, მრავალი შესაძლო საფრთხეებიდან გამომდინარე, რისი დაზღვევაც ურთულესია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ერი და ბერი იმეორებს, რომ ექს პრეზიდენტი, როგორც სხვა რიგითი პატიმრები, გადაყვანილი იყოს სამოქალაქო, მულტიფუნქციურ კლინიკაში, თუმცა არ ქვთ რეალური წარმოდგენა, რა საფრთხეებთან არის ეს დაკავშირებული.
„ისმის მოთხოვნა, რომ ექს პრეზიდენტი, როგორც სხვა რიგითი პატიმრები, გადაყვანილ იყოს სამოქალაქო, მულტიფუნქციურ კლინიკაში. ამ სიტყვებს იმეორებს ერი და ბერი, ისე რომ არ გააჩნიათ რეალური წარმოდგენა, თუ რას ნიშნავს ეს, ანდა რა საფრთხეებთან არის დაკავშირებული. თუ ვთანხმდებით იმაზე, რომ ექს პრეზიდენტი რიგითი პატიმარი არ არის და ვერ იქნება, მაშინ ასევე უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ის შესაძლებლობა, რაც ეძლევათ რიგით პატიმრებს, რომ გადაყვანილი იყვნენ სამოქალაქო სივრცეში, სწორედ ამ განსაკუთრებულებიდან გამომდინარე, უფრო რთულად განსახორციელებელია, მრავალი შესაძლო საფრთხეებიდან გამომდინარე, რისი დაზღვევაც ურთულესია. ამავე დროს, ექს პრეზიდენტი უნდა სარგებლობდეს უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით, რათა არ გაჩნდეს არანაირი კითხვა, თუ ეჭვი, რომ რამე დააკლეს მის მკურნალობას შიმშილობისას, თუ არანაკლებ საშიშ ეტაპზე, ანუ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ. ამიტომ, ამ მიმართულებითაც ნათელი უნდა მოეფინოს ობიექტურ საჭიროებებს და პრეტენზიებს. რა სტანდარტების დაცვა მოეთხოვება უცხოეთში პენიტენციური სისტემის კლინიკებს, სადაც მკურნალობენ მოშიმშილე პატიმრები, ანუ სამედიცინო დანადგარების ნუსხა, რითიც უნდა იყოს აღჭურვილი დაწესებულება, სადაც პატიმარი გააგრძელებს მკურნალობას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ამასთან, სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას ევალება, საზოგადოებას აცნობოს კონკრეტულად არსებული დაწესებულება აკმაყოფილებს თუ არა ამ სტანდარტებს.
„კიდევ ერთხელ, ნუსხა არის საჭირო და თუ არა, მოინახოს ალტერნატიული და უსაფრთხო გამოსავალი, ვინაიდან საზოგადოებაში ეს საკითხი იწვევს დიდ მღელვარებას“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.