ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს საკითხზე მორიგი რეზოლუცია მიიღო.
რეზოლუციაში, რომლის სახელწოდებაა "სიტუაცია საქართველოში",
აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებად არის მოხსენიებული. ქართული მხარის მოლოდინის შესაბამისად, დოკუმენტში ყოველგავრი განმარტებების გარეშე ჩაიწერა ტერმინები "ოკუპაცია" და "ეთნიკური წმენდა".
"ღრმად ვართ შეშფოთებულები საქართველოს ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე ჰუმანიტარული ვითარებით, ასევე იმით, რომ ორივე რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეოიბას დღემდე უარს ეუბნებიან დაბრუნებაზე", - ნათქვამია დოკუმენტში.
გარდა ამისა, რეზოლუციაში ნატოს საპარლამენტო ასამბლეა მკაცრად აკრიტიკებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში რუსეთის ქმედებებს და მისგან, როგორც ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას მოითხოვს, ისე დაჟინებით მოუწოდებს, იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო დაუბრუნებას ხელი არ შეუშალოს.
"დაჟინებით მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციის პარლამენტს, მთავრობას, საქართველოს ტერიტორიების: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტრო ლიდერებს: შეცვალონ შედეგი იმისა, რაც საერთაშორისო დამოუკიდებელი საგამოძიებო მისიის დასკვნაში და სხვა საერთაშორისო დოკუმენტებშიც აღწერილია როგორც ეთნიკური წმენდა და მოვუწოდებთ ასევე, ყველა იძულებით გადაადგილებულ ადამიანს უფლება მისცენ დაუბრუნდეს საკუთარ სახლებს უსაფრთხოდ და ღირსეულად", - განმარტებულია რეზოლუციაში.
ამასთან, ასამბლეა "მიესალმება საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებსაც" და აღნიშნულ კონტექსტში დოკუმენტში პირდაპირ ჩაიწერა, რომ "საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი, რასაც ალიანსში შემავალი ყველა ქვეყანა მხარს უჭერს".
აღსანიშნავია, რომ რეზოლუციის ტექსტის აღნიშნული ფორმით მიღებას რუსეთის დელეგაცია კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა.
ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს საკითხზე რეზოლუცია გუშინ, ვარშავაში გამართულ სესიაზე მიიღო.