კანონის წინაშე ყველა ერთია, მაგრამ სასჯელის აღსრულების დროს და ციხეში მყოფი ექსპრეზიდენტი არ არის და ვერ იქნება რიგითი პატიმარი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
პრეზიდენტის განცხადებით, ჩვენი ქვეყნის სახე იმაში გამოიხატება, როგორ მოვეპყრობით მას და როგორ იქნება დაცული მისი ღირსება, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება.
"მიხეილ სააკაშვილი განსაკუთრებული პატიმარია, რადგან საზოგადოება, საერთაშორისო თანამეგობრობა, ყველა აკვირდება მის მდგომარეობას და მოითხოვს უმაღლესი სტანდარტების შესრულებას.ჩვენი ქვეყნის სახე იმაში გამოიხატება, როგორ მოვეპყრობით მას და როგორ იქნება დაცული მისი ღირსება, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. ამდენად, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რეგულარულად ვიღებდი და ვიღებ ინფორმაციას ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შესაბამისი უწყებებისგან", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის დაკავება კანონის უზენაესობის პრინციპებიდან გამომდინარეობს, ეს მას კარგად ჰქონდა გააზრებულიც და მიუხედავად ამისა, ჩამოვიდა, თანაც უკანონოდ.
"ნებისმიერი სახელმწიფოსთვის ყოფილი პრეზიდენტის დაპატიმრება არის ძალიან დიდი გამოწვევა. დიდი გამოწვევაა სასამართლო სისტემისთვის, პენიტენციური სამსახურისთვის, ხელისუფლებისთვის და ზოგადად, საზოგადოებისთვის. ყოფილი და აწ უკვე მსჯავრდებული პრეზიდენტის დაპატიმრება კანონის წინაშე თანასწორობასა და სამართლიანობას ეფუძნება. კანონის წინაშე ყველა თანასწორია და შესაბამისად, ყოფილი პრეზიდენტის დაკავებაც კანონის უზენაესობის პრინციპებიდან გამომდინარეობს. ეს მას კარგად გააზრებულიც ჰქონდა და მიუხედავად ამისა, ჩამოვიდა, თანაც უკანონოდ. კანონის წინაშე ყველა ერთია, მაგრამ სასჯელის აღსრულების დროს და ციხეში მყოფი ექსპრეზიდენტი არ არის და ვერ იქნება რიგითი პატიმარი", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.