ნიუ იორკში Sotheby's-ის აუქციონზე სახელგანთქმული მექსიკელი მხატვრის ფრიდა კალოს ავტოპორტრეტი "დიეგო და მე" 34,9 მლნ დოლარად გაიყიდა. ВВС-ის ინფორმაციით, ეს რეკორდული თანხაა ლათინოამერიკელი მხატვრების ნამუშევრებისთვის.
ნახატზე მხატვარი აღბეჭდილია ცრემლებით სავსე თვალებით, მას შუბლზე გამოსახული აქვს ქმრის - დიეგო რივერას პორტრეტი, რომელსაც თავის მხრივ შუბლზე მესამე თვალი აქვს.
ნახატი ნიუ იორკელი კოლექციონერის მემკვიდრემ გაყიდა, კოლექციონერმა ნახატი 1990 წელს Sotheby's-ის აუქციონზე 14 მლნ დოლარად შეიძინა. მანამადე ნახატი ეკუთვნოდა ჩიკაგოელ მწერალს ფლორენს არკინს, რომელიც მხატვრების წყვილთან მეგობრობდა.
აუქცინოზე გამოფენილი კალოს ავტოპორტრეტის ღირებულების ქვედა ზღვარი 30 მლნ დოლარს შეადგენდა. საბოლოოდ ის ბუენოს-აირესში მდებარე ლათინოამერიკული ხელოვნების მუზეუმის Malba-ს დამფუძნებელმა ედუარდო კონსტანტინიმ შეიძინა. წერს the New York Times.
ამ დრომდე აუქციონებზე კალოს ყველაზე ძვირად გაყიდული ნამუშევრის ფასი 8 მლნ დოლარი იყო. ამ ფასად ნიუ იორკის Christie's-ის აქუციონზე 2016 წელს გაიყიდა ფრიდას ნახატი "ორი შიშველი ქალი ტყეში", რომელიც მხატვარმა 1939 წელს შექმნა.
ლათინოამერიკელი მხატვრების წინა რეკორდი 2018 წელს დამყრადა, როდესაც დიეგო რივერას ნახატი "მეტოქეები" 9,76 მლნ დოლარად Christie's-ის აუქციონზე გაიყიდა.