სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფთან ერთად გლდანის მე-18 დაწესებულებაში მივიდა.
დაწესებულების ტერიტორიაზე შესვლამდე, ნინო ლომჯარიამ მედიასთან კომენტარი გააკეთა.
"მოვედით საღამოს ექსპერტებთან ერთად და როგორც უკვე აღვნიშნე, ამ ვიზიტის მიზანი არის რომ ჩვენმა სამედიცინო ექსპერტებმა შეაფასონ პატიმარ და პაციენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასევე, გაეცნონ იქ არსებულ სამედიცინო ინფრასტრუქტურას, იმისათვის, რომ წარმოგვიდგინონ მათი ექსპერტული მოსაზრებები. არსებობს თუ არა ის სამედიცინო აღჭურვილობა თუ პირობები ადგილზე რაც ამ ტიპის პაციენტისთვის იქნებოდა მკურნალობის ადეკვატური და ეფექტური საშუალება. ასევე არამხოლოდ შიმშილობის გაგრძელების, არამედ შიმშილობის შეწყვეტის პერიოდში შესაძლებელია თუ არა ადგილზე გაეწიოს ადეკვატური მკურნალობა ისე რომ დაცული იყოს მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა, როგორც ამას ითხოვს სტრასბურგის სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში, - ამბობს ნინო ლომჯარია.
ამ დროისთვის უცნობია, შევიდა თუ არა სახალხო დამცველი შეუფერხებლად უშუალოდ იმ ტერიტორიაზე, სადაც მონიტორინგი უნდა განხორციელდეს.