ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით პენიტენციურმა სისტემამ მოიწვია ექიმების დამატებითი ჯგუფები, რომლებიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს და მას სათანადო სამედიცინო მომსახურებას უწევს, - აცხადებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე.
მისი განმარტებითვე, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის და იმის გათვალისწინებით, რომ სააკაშვილის ჯანმრთლობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ყოველდღიურად მიზანმიმართულად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, ექიმების ჯგუფი ყოველდღიურ რეჟიმში გააკეთებს განმარტებებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით და მიაწვდის საზოგადოებას ამომწურავ ინფორმაციას და ამით ერთხელ და სამუდამოდ დაესმება წერტილი ყველა დეზინფორმაციული ხასიათის ინფორმაციის გავრცელებას.
"ხაზგასმით ვაცხადებ, რომ პენიტენციური სისტემა გადაწყვეტილებებს, პირველ რიგში, პატიმრების, მათ შორის სააკაშვილის ჯანმრთელობის და უსაფრთხოებიდან გამომდინარე იღებს. გლდანის მე-18 დაწესებულებაში კი, ერთიც და მეორეც უმაღლეს დონეზე არის დაცული.
ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ დეზინფორმაციული ხასიათის ინფორმაციის გავრცელებისგან, ვინაიდან ეს არის ძალიან მავნებელი და აქვე, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პატიმარს შიმშილობის შეწყვეტისკენ“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.