აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ზბიგნევ რაუსთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ ევროკავშირის საზღვრებთან კრიზისის შექმნით, ალიაქსანდრ ლუკაშენკას მიზანია ყურადღების გადატანა უკრაინის საზღვართან რუსეთის ქმედებებისგან.
ამასთან, როგორც ბლინკენი აღნიშნავს, მინსკი საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებას და თესავს განხეთქილებას. ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ბლინკენმა აშშ-ის სახელით მხარდაჭერა გამოუცხადა პოლონეთს, რომელიც შეეჯახა ლუკაშენკას რეჟიმის მიერ მოწყვლადი მიგრანტების ცინიკურ ექსპლუატაციას.
ბლინკენმა მადლობა გადაუხადა პოლონელ მინისტრს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთს.
"აშშ, პოლონეთი და მათი მოკავშირეები ერთიანნი არიან იმაში, რომ მოსკოვმა უნდა გადაიხადოს მაღალი ფასი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ქმედებებისთვის", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ბელარუსი რუსეთის უახლოესი მოკავშირეა. ცოტა ხნის წინ ორი ქვეყნის ლიდერმა დაამტკიცა ერთიანი სამხედრო დოქტრინა.
ბოლო კვირების განმავლობაში იმატა ცნობებმა უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების გადაადგილების შესახებ. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის საზღვართან 100 ათასამდე რუსი ჯარისკაცი იმყოფება. დასავლეთის ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ რუსეთის სამხედრო აგრესიის საფრთხის შესახებ.