საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი კახიანი "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დღეს დაგეგმილ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ სახელმწიფო სატრანსპორტო მოძრაობის შეჩერებასა და ქალაქის პარალიზებას არ დაუშვებს.
მისივე თქმით, ამას სახელმწიფოსგან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.
"აქცია, რომელიც მიზნად ისახავს ქალაქის სატრანსპორტო მოძრაობის შეჩერებას და ქალაქის პარალიზებას, ბუნებრივია, ამას სახელმწიფო არ დაუშვებს და შესაბამისი რეაგირება იქნება. გზის გადაკეტვა იქნება არაკანონიერი და ამას შესაბამისი რეაგირება ექნება, ანუ, სახელმწიფო ქალაქის მაცხოვრებლების ინტერესებს დაიცავს.
თუ ოპოზიციამ იცის, რომ ის ქმედებები, რასაც განახორციელებენ არის კანონდარღვევა და ამაზე მაინც წავლენ, ეს სხვა არაფერს ნიშნავს, თუ არა პროვოკაციას. ეს იქნება პროვოკაცია, რომელიც მიზნად ისახავს, დაძაბულობის შემოტანას საზოგადოებაში, რაც ქვეყანას არ სჭირდება, პირიქით, საზოგადოების ინტერესია განვითარება",- განაცხადა კახიანმა.
დაგეგმილ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სადაც აქციის ორგანიზატორებს შეახსენა, რომ დაუშვებებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვა.
შეგახსენებთ, გუშინ, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა, რომ 15 ნოემბერს იგეგმება თბილისში, მტკვრის ორივე სანაპიროს გადაკეტვა.