საქართველოს მესამე პრეზიდენტის პირადი ექიმის ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი სუსტად არის, თუმცა მზად არის, ხვალინდელ სასამართლოს პროცესს დაესწროს.
"დღეს იყო სუსტად, მაგრამ მე მითხრა, რომ მზად არის, ხვალ წარდგეს სასამართლოს წინაშე და მზად არის, დაელაპარაკოს ქართველ ხალხს. სუსტად არის, მაგრამ მზად არის მაგისთვის. დღეს, გუშინდელი დღისგან განსხვავებით, შეძლო ჩამოსვლა მე-5 სართულიდან ქვემოთ, ლიფტით და შემხვდა პაემნების ოთახში. გუშინ ეს შესაძლებლობა არ ჰქონდა", - თქვა ყიფშიძე.
ნიკოლოზ ყიფშიძეს ჟურნალისტება გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, კორონავირუსის შესაძლო გავრცელების შესახებაც ჰკითხეს, რაზედაც მან უპასუხა:
"დაწესებულებაში რომ შევედი, ჩემი პირველი კითხვა ეს იყო და მითხრეს, რომ არანაირი კოვიდი აქ არ ყოფილა. ვიკითხე, მართლა არის დირექტორი კოვიდით ავად? მითხრეს – არა. მითხრეს, რომ არავითარი კოვიდი აქ არ ყოფილა, მე ვიმეორებ, რაც მითხრეს. მეტი ინფორმაცია არ მაქვს".
ე.წ. "პიჯაკების საქმეზე" მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 15 ნოემბერს, 11:00-ზეა ჩანიშნული.