ავსტრიის ხელისუფლება 15 ნოემბრიდან არავაქცინირებული პირებისთვის ლოკდაუნს აცხადებს.
"ამ გადაწყვეტილების მიღება ჩვენთვის რთული იყო, მაგრამ ის აუცილებელია", - განაცხადა კანცლერმა ალექსანდერ შალენბერგმა.
წესები 12 წელს გადაცილებული არავაქცინირებული პირებისთვის იმოქმედებს. მათთვის აკრძალული იქნება სახლიდან გასვლა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა. ამასთან, ხელისუფლება არავაქცინირებულებს უფლებას აძლევს გარეთ მხოლოდ სავარჯიშოდ გავიდნენ, აგრეთვე ნებადართულია სამედიცინო დაწესებულებებში ვიზიტიც.
10 დღის შემდეგ ხელისუფლება შეაფასებს ვითარებას და გადაწყვეტს, გააუქმებს თუ არა ლოკდაუნს.
ბოლო 24 საათში ავსტრიაში კორონავირუსის 13 ათასი შემთხვევა გამოვლინდა. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ქვეყანაში მთელი პანდემიის განმავლობაში. ავსტრიაში დაახლოებით 10 მლნ ადამიანი ცხოვრობს.
კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით სრულად ქვეყნის 65 პროცენტია აცრილი.