უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება მოუწოდებს ევროკავშირს, მიიღოს ზომები რუსეთის მოსალოდნელი აგრესიის თავიდან აცილებისთვის. ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით დმიტრო კულება ტელეფონით ესაუბრა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელს.
დმიტრო კულებამ ბორელთან საუბრისას დონბასში, ყირიმსა და უკრაინის საზღვრებთან არსებული უსაფრთხოების ვითარება განიხილა.
"მინისტრმა ასევე აღნიშნა რუსეთს დესტრუქციული მიდგომა ნორმანდიის ფორმატში მოლაპარაკებებისადმი და მოუწოდა ევროკავშირს, მიიღოს პოლიტიკური და სხვა ზომები, რუსეთის შემდგომი აგრესიული ქმედებების შეკავების მიზნით", - ნათქვამია უკრაინის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ჟოზეპ ბორელმა, თავის მხრივ, დაარწმუნა კიევი ევროკავშირის მხარდაჭერაში უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის საზღვართან 100 ათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი.
რუსეთი აცხადებს, რომ ჯარის განთავსება მისსავე ტერიტორიაზე, მისი შიდა საქმეა და უარყოფს რაიმე აგრესიულ ზრახვებს, ამასთან აშშ-ს ადანაშაულებს პროვოკაციულ ქმედებებში შავ ზღვაში, სადაც მიმდინარე კვირას ამერიკული სამხედრო ხომალდები შევიდნენ.
პირველად, ინფორმაცია უკრაინის საზღვართან რუსული ძალების გაზრდის შესახებ გაზეთმა Washington Post-მა გაავრცელა.
გამოცემის მიერ გამოკითხული სამხედრო ექსპერტები ამტკიცებენ, რომ უკრაინის საზღვართან რუსეთმა ჯარების გადაადგილება ჯერ კიდევ სექტემბრის შუა რიცხვებში დაიწყო. რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი სამხედრო წვრთნები "დასავლეთი-2021"-ის დასრულების შემდეგ, სამხედროები დისლოკაციის ადგილზე არ დაბრუნებულან და ისინი რუსეთ-უკრაინის საზღვართან გადაისროლეს.
ცოტა ხნის წინ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ მოსკოვის განზრახვა უკრაინის საზღვართან ჯარების გააადგილებასთან დაკავშირებით, გაურკვეველი რჩება, თუმცა უკრაინის წინააღმდეგ ახალი აგრესიის დაწყება რუსეთისთვის სერიოზული შეცდომა იქნება.
"არ გაიმეორონ 2014 წლის შეცდომა, როდესაც რუსეთმა ძალები უკრაინის საზღვართან განათავსა, გადაკვეთა საზღვარი და შეიჭრა სუვერენული უკრაინის ტერიტორიაზე და ამათან ცრუობდა, რომ მისი პროვოცირება მოხდა", - თქვა ბლინკენმა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან შეხვედრის დროს, ბლინკენმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ს ადმინისტრაცია კონგრესთან ერთად იმუშავებს იმაზე, რომ უზრუნველყოს უკრაინისთვის შემდგომი სამხედრო დახმარება, მათ შორის ლეტალური საშუალებებითაც.
ამ განცხადებებმა გაღიზიანება გამოიწვია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვმა აშშ-ს ურჩია იმუშაოს თავის შეცდომებზე, ვაშინგტონში რუსეთის ელჩმა ანატოლი ანტონოვმა კი განაცხადა, რომ "კიევის რეჟიმისთვის" იარაღის მიწოდება გააღრმავებს დაძაბულობას უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში.