პოლონეთისა და ბელარუსის საზღვარზე არსებულ დაძაბულ ვითარებასთან დაკავშირებით, ვარშავა განიხილავს შესაძლებლობას, ლიეტუვასა და ლატვიასთან ერთად, მოითხოვოს ნატოს საგანგებო შეხვედრის მოწვევა, საჭიროების შემთხვევაში ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-4 მუხლის გასააქტიურებლად.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო PAP-ს პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მათეუშ მორავიეცკიმ განუცხადა.
მორავიეცკის თქმით, ნატომ უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები საზღვარზე მიგრაციული კრიზისის მოსაგვარებლად.
ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ხელშეკრულების მე-4 მუხლი ითვალისწინებს კონსულტაციებს, თუ ალიანსის რომელიმე წევრის აზრით, საფრთხე ემუქრება მის ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ დამოუკიდებლობას ან უსაფრთხოებას.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, არსებული ვითარება დიდი ხანია გაცდა იმ ფარგლებს, როდესაც საჯარო შეშფოთების გამოხატვა უკვე აღარ არის ეფექტური.
8 ნოემბერს, მიგრანტების მრავალრიცხოვანი ჯგუფი ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნებიდან, ბელარუს-პოლონეთის საზღვარს მიაწყდა. გარკეულმა ჯგუფებმა პოლონეთის ტერიტორიაზე შეჭრა სცადეს. ამჟამად, საზღვართან 2 ათასამდე ლტოლვილი იმყოფება და ევროკავშირის ქვეყნებში შეღწევას ცდილობს. მათ პოლონეთის საზღვრის პირას გაშალეს კარვები და ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ.
ევროკავშირი თავის საზღვრებთან, მიგრაციული კრიზისის განზრახ პროვოცირებაში ბელარუსს ადანაშაულებს, ბრიუსელის მიერ მინსკის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების საპასუხოდ. ბალტიისპირეთის ქვეყნებმა და ევროკომისიამ ბელარუსი "ჰიბრიდულ აგრესიაში" დაადანაშაულეს.
მოსალოდნელია, რომ ამ ფონზე, ორშაბათს, 15 ნოემბერს, ევროკავშირი გააფართოვებს სანქციებს ბელარუსის წინააღმდეგ: სანქციები გავრცელდება ავიაკომპანიებსა და ტურისტულ სააგენტოებზე, რომლებიც, სავარაუდოდ, მონაწილეობენ ლტოლვილების პოლონეთის საზღვარზე გადაყვანაში.