ლიბიის ყოფილი ლიდერის მუამარ კადაფის ვაჟი სეიფ ალ-ისლამ კადაფი პრეზიდენტის არჩევნებში კენჭისყრას გეგმავს. იუწყება "ალ ჯაზირა".
გამოცემის ინფორმაციით, სეიფ ალ-ისლამმა საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატად დარეგისტრირების შესახებ განცხადება ქალაქ სებჰას ადგილობრივ საარჩევნო კომისიაში შეიტანა.
ლიბიის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 24 დეკემბერს უნდა გაიმართოს. არჩევნების ჩასატარებლად უნდა მომზადდეს საკანონმდებლო ბაზა: ახალი კანონები პრეზიდენტისა და დეპუტატების ასარჩევად.
24 დეკემბერსვე ლიბიაში უნდა გაიმართოს საპარლამენტო არჩევნები. ლიბიაში დაპირისპირებულ მხარეებს შორის სამშვიდობი პროცესის შენარჩუნება გაერო ზედამხედველობს.
ლიბიაში სამოქალაქო ომი მას შემდეგ არის გაჩაღებული, რაც დიქტატორი კადაფი 2011 წლის 20 ოქტომბერს ამბოხებულებმა მოკლეს. კადაფის მკვლელობის შემდეგ ლიბია ფაქტობრივად ორ ნაწილად გაიყო. ამჟამად ქვეყანაში ორხელისუფლებიანობაა გამეფებული, რაც წესით საყოველთაო არჩევნებმა უნდა დაასრულოს.
ლიბიაში ძალაუფლება განაწილებულია ორ პოლიტიკურ ძალას შორის - გაეროსა და ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ეროვნული შერიგების მთავრობა, რომელსაც ფაიზ სარაჯი მეთაურობს და ფელდმარშალ ხალიფა ჰაფთარის ძალები. ეს უკანასნელი სათავეში უდგას ლიბიის ეროვნულ არმიას და დაბანაკებული ტობრუკში. აქვე მდებარეობს ხაფთარის მხარდამჭერი პარლამენტი, ლიბიის წარმომადგენელთა პალატა.