ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანი ლიზ ტრასი პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე შემქნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს. მან მოსკოვს მოუწოდა მოახდინოს ზეწოლა ბელარუსის ხელისუფლებაზე, რათა კრიზისი დასრულდეს.
"რუსეთს, ცხადია, ეკისრება პასუხისმგებლობა. მათ უნდა მოახდინონ ზეწოლა ბელარუსის ხელისუფლებაზე, რათა დასრულდეს კრიზისი და დაიწყოს დიალოგი", - განაცხადა ტრასმა გამოცემა Sunday Telegraph-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.
მინისტრმა მიმდინარე პროცესებს კარგად დამუშავებული კრიზისი უწოდა, რომელიც მიზნად ისახავს ყურადღების გადატანას ბელარუსის ხელისუფლების მიერ ჩადენილი "უამრავი ამაზრზენი ქმედებებისა და ადამიანის უფლებების დარღვევისგან". ტრასი რეგიონში ბრიტანეთის მოკავშირეებს მხარდაჭერას დაპირდა.
"ჩვენ პოლონეთის გვერდით ვდგავართ, რომელსაც დააწვა ხელოვნურად შექმნილი, სამარცხვინო კრიზისის სიმძიმე. აგერთვე ვდგავართ უნგრეთის, სლოვაკეთის, ჩეხეთის, ბალტიის ქვეყნებისა და უკრაინის გვერდით", - განაცხადა მინისტრმა.
8 ნოემბერს, მიგრანტების მრავალრიცხოვანი ჯგუფი ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნებიდან, ბელარუს-პოლონეთის საზღვარს მიაწყდა. გარკეულმა ჯგუფებმა პოლონეთის ტერიტორიაზე შეჭრა სცადეს. ამჟამად, საზღვართან 2 ათასამდე ლტოლვილი იმყოფება და ევროკავშირის ქვეყნებში შეღწევას ცდილობს. მათ პოლონეთის საზღვრის პირას გაშალეს კარვები და ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ.