ნუ გავაიგივებთ ევროპას რომელიმე ევროპარლამენტართან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, მმართველი გუნდისთვის ევროპა არის ყველაზე დიდი პრიორიტეტი.
"რა აუცილებლობა იყო ფოტიგას წერილში სიტყვა "პოლიტპატიმრის" ჩაწერის. აზრთა სხვადასხვაობა რომ მოჰყვებოდა ამას, ეს ხომ თავადაც იცოდა. ეს აბსოლუტურ დისონანსშია იმასთან, რასაც ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები ამბობს. ნუ გავაიგივებთ ევროპას რომელიმე ევროპარლამენტართან. ეს არ იქნება სწორი. ჩვენთვის ევროპა არის ყველაზე დიდი პრიორიტეტი, ეს არის ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. მე მაგალითად, ამ პოლიტიკურ გუნდში ვერ ვნახავდი საკუთარ ადგილს განმსაზღვრელი ვექტორი რომ სწორედ ევროკავშირი არ იყოს. ეს სხვანაირად ვერ წარმომიდგენია", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
შეგახსენებთ, ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა იუსტიციის მინისტრისადმი მიწერილ წერილში აცხადებს, რომ წარსულში მას ჰქონდა შესაძლებლობა, საპატიმროში მოენახულებინა პოლიტიკური პატიმრები. ფოტიგას წერილს წერილითვე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა და ევროპარლამენტარს მოუწოდა, განემარტა, თუ ვის გულისხმობდა პოლიტიკურ პატიმრებში.
მოგვიანებით, ანა ფოტიგა პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა აღნიშნულ საკითხს და თქვა, რომ ყოველთვის ამბობს იმდენს, რამდენსაც საჭიროდ მიიჩნევს.
„მე საერთოდ არ ვმანიპულირებ სიტყვებით. ვგულისხმობ იმას, რასაც ვამბობ. შეშფოთებული ვარ სააკაშვილის შიმშილობის ხანგრძლივობით და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით. ჩემი საქმე არ არის რომელიმე მხარეს დადგომა, რომელიმე მხარის მხარდაჭერა. მე უბრალოდ მინდა საქართველოს დავეხმარო“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.
ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა საქართველოს 12 ნოემბერს ეწვია. ფოტიგა გუშინ მთელი დღის განმავლობაში ელოდა იუსტიციის სამინისტროსგან სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში შესვლის ნებართვას. დღეს, ფოტიგამ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის მონახულების ნებართვაზე უარი მიიღო.