ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და მკვლევარი, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, დევიდ კრამერი ერთ-ერთ ამერიკულ გამოცემაში სტატიას აქვეყნებს, სადაც პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ მიხეილ სააკაშვილის კადრებს ეხმიანება და ირაკლი ღარიბაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას მოითხოვს.
კრამერი ამბობს, რომ გავრცელებულ კადრებზე აღბეჭდილია მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური, სასტიკი და ღირსების შემლახავი მოპყრობა, რითაც ხელისუფლებამ მესამე პრეზიდენტის უფლებები შელახა.
კრამერი გამოდის მოწოდებით, რომ ამ მოპყრობაზე პასუხისმგებელი პირები დაუყოვნებლივ უნდა გადადგნენ, ხოლო მათ დასავლეთმა სანქციები უნდა დაუწესოს.
"სანქციების სიის სათავეში მოქმედი პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მისი მფარველი მილიარდერი, ბიძინა ივანიშვილი უნდა იყვნენ. ეს უკანასკნელი ანადგურებს ქართულ დემოკრატიას სახელმწიფოს მიტაცებით, სასამართლო სისტემის კორუფციაში ჩაფლობითა და მოსკოვისკენ მოძრაობით“, - წერს დევიდ კრამერი.
კრამერის მტკიცებით, სააკაშვილის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები პოლიტიკურად მოტივირებულად არის მიჩნეული.
ამასთან, დევიდ კრამერი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სააკაშვილი უნდა გადაიყვანოს სამოქალაო კლინიკაში, ხოლო შემდგომ დააბრუნოს უკრაინაში, "თუნდაც დაძაბულობის დროებით შესამცირებლად".