პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მისი მხარდამჭერები ჯანდაცვის სამინისტროსთან შეიკრიბნენ. ისინი უწყებასთან მეტროსადგურ "დიდუბიდან" მსვლელობით მივიდნენ.
გვინდა, გავიგოთ, თავიანთი ნებით ხდება მიხეილ სააკაშვილის წამება თუ სხვა ვინმე ავალებს, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ნატო ჩხეიძემ ჯანდაცვის სამინისტროსთან მიმდინარე აქციაზე, სადაც დეპუტატები ეკატერინე ტიკარაძესთან შეხვედრას ითხოვენ.
„აქამდე არ უთქვამს, მგრამ იქნება გვითხრას, რას უპირებენ პატიმარს, პაციენტს; როდესაც მისი მოადგილეც კი ამბობს, რომ იქ, სადაც ახლა ის ჰყავთ, არ არის შესაბამისი პირობები. გვინდა, გავიგოთ, თავიანთი ნებით ხდება წამება მიხეილ სააკაშვილისა თუ კიდევ სხვა ვინმე ავალებს, ამისთვის ვართ მოსული, აქამდე არ შეგვხვედრია. იმედია, შეგვხდება და რაღაცას იტყვის. არა, იმედი კი არ გვაქვს, მაგრამ ჩვენ, საზოგადოება მოვითხოვთ დღეს, ხვალ, ზეგ და მერე უკვე ასე უთქმელად, ასე ულაპარაკოდ გაილალებიან ესენი ყველანი და იძულებულნი იქნებიან, რომ დანიშნონ ვადამდელი არჩევნები და აი, მერე საქართველოს მოსახლეობა აირჩევს იმ ხელისუფლებას, რომელიც იქნება სამართლიანი, რომელიც იქნება დემოკრატიული და რომელიც თავიანთ ხალხს უგდებს ყურს“, – განაცხადა ნატო ჩხეიძემ.
"მოვითხოვთ, რომ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასწრაფოდ გადაიყვანონ ნორმალურ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც იქნება უსაფრთხოდ და ექნება შესაბამისი, კვალიფიციური მკურნალობის და მონიტორინგის პირობები,"-აცხადებს "ლელოს" წევრი ვახტანგ სურგულაძე.