პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროების ლეგიტიმური საფუძველი არსებობს.
მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, კადრების გასაჯაროების ლეგიტიმური საფუძველი არსებობს და ეს არის საზოგადოების უფლება ინფორმაციაზე, როდესაც მას ატყუებენ.
"იმ ადამიანებისგან, რომლებიც ხმას არ იღებენ, როცა ერთ-ერთი დაინტერესებული მხრიდან მცდარი ფაქტების ტირაჟირებას ხედავენ, თითქოს ადგილი ჰქონდა უფლებების არანორმალურ დარღვევას, ახლა ვისმენთ კრიტიკას, რომ კადრები არ უნდა გამოქვეყნებულიყო. ეს იმას ნიშნავს, ითხოვდე – მომატყუებინე საზოგადოება. გამოდის, რომ ადამიანები ითხოვენ, მე ვატყუებ საზოგადოებას და არაფრის დიდებით ამაში ხელი არ შემიშალოო. გამოქვეყნებულ კადრებში პერსონალური მონაცემები არის, მაგრამ პერსონალური მონაცემები ისეთი აბსოლუტური საგანი არ არის, რომლის გასაჯაროება არც ერთ შემთხვევაში არ არის დასაშვები. ამ შემთხვევაში კადრების გასაჯაროების ლეგიტიმური საფუძველი არსებობს და ეს არის საზოგადოების უფლება ინფორმაციაზე, როდესაც მას ატყუებენ. იუსტიციის სამინისტრომ კადრები მხოლოდ მას შემდეგ გაასაჯაროვა, რაც მოვისმინეთ ძალიან აქტიური პროპაგანდა არაადამიანური მოპყრობის შესახებ", – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
11 ნოემბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის ორი სხვადასხვა ვიდეო გაავრცელა. პირველ ვიდეოზე აღბეჭდილია მიხეილ სააკაშვილის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში ძალის გამოყენებით შეყვანის კადრები. მეორე ვიდეოზე, სადაც მიხეილ სააკაშვილის ხმაც ისმის, ასახულია მესამე პრეზიდენტის რუსთავის ციხიდან ტრანსპორტირების კადრები.
გავრცელებულ კადრებში მიხეილ სააკაშვილი კატეგორიულად წინააღმდეგია, საკუთარი ნებით გადმოვიდეს ტრანსპორტიდან და შევიდეს სამკურნალო დაწესებულებაში.
"პუტინის დავალებას ასრულებთ, ივანიშვილის ლეკვო. წამიყვანეთ უკან რუსთავის ციხეში!.. არცერთ ნაბიჯს არ გადავდგამ ჩემი ფეხით. არცერთ მავთულს არ მივიერთებ ჩემი ნებით, ვერცერთ სამედიცინო პროცედურას ვერ ჩამიტარებთ ჩემი ნებით... თქვენ ხართ უკანასკნელი ნაძირლები, თქვენ არ ხართ ადამიანები. შენ ხარ მკვლელი... მე აქედან ჩემი ფეხით არ ჩამოვალ, წამიყვანეთ უკან რუსთავის ციხეში..." - ამბობს სააკაშვილი.
სახალხო დამცველის განცხადებით, სააკაშვილის კადრების გავრცელებით ირღვევა მისი პატივის, ღირსებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება. სახელმწიფო ინსპექტორმა კი კატეგორიულად მიუღებელი უწოდა პერსონალური მონაცემების შემცველი კადრების გასაჯაროებას.