უკრაინა საქართველოსგან უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მიმართ ღირსეულ მოპყრობას მოითხოვს - იუწყება უკრაინული გამოცემა „ევროპეისკაია პრავდა“ უკრაინის საგარეო საქმეთა პრესსამსახურზე დაყრდნობით.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრი მიუღებად მიიჩნევს სააკაშვილის მიმართ ძალადობის გამოყენებას.
ეს განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლა ტოჩიცკიმ ხუთშაბათს საქართველოს ელჩთან, გიორგი ზაქარაშვილთან შეხვედრაზე გააკეთა.
"მინისტრის მოადგილემ ქართულ მხარეს გააცნო ჩვენი სახელმწიფოს პოზიცია უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის მიმართ ღირსეული მოპყრობის აუცილებლობისა და მის მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენების დაუშვებლობის შესახებ", - აცხადებენ სამინისტროში.
როგორც იუწყებიან, ტოჩიცკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა გააგრძელებს განსაკუთრებული ყურადღების მიპყრობას სააკაშვილის უფლებების დაცვაზე, რაც საქართველოს ვალდებულებაა საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად.