საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა რუსეთში შვეიცარიის ელჩთან შეხვედრაზე მწვავედ გააპროტესტა რუსულ ტელეარხზე საქართველოს დროშის შეურაცხყოფა - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც ზალკალიანსა და შვეიცარიის ელჩ ქრისტინა მარტი ლანგთან შორის გამართულ შეხვედრას შეეხება.
ზალკალიანის თქმით, მსგავსი ნაბიჯებით რუსეთის ფედერაცია სრულად უგულებელყოფს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს და თავადვე ემიჯნება ღირებულებებსა და წესებზე დაფუძნებულ ცივილიზებულ სამყაროს.
"საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის ელჩთან შეხვედრისას მწვავედ დასვა რუსეთის სახელმწიფო ტელეარხზე ერთ-ერთი გადაცემის მიმდინარეობისას საქართველოს სახელმწიფო დროშის შეურაცხყოფის ფაქტი. დავით ზალკალიანმა შვეიცარელ მედიატორებთან მწვავედ გააპროტესტა რუსეთის სახელმწიფო ტელეარხის წარმომადგენელთა მხრიდან განხორციელებულ პროვოკაციულ ნაბიჯზე, როგორც რუსეთის დესტრუქციული პოლიტიკის ნათელ გამოხატულებაზე, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტის, თავისუფლებისა და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგაა მიმართული. მსგავსი ნაბიჯებით რუსეთის ფედერაცია სრულად უგულებელყოფს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს და თავადვე ემიჯნება ღირებულებებსა და წესებზე დაფუძნებულ ცივილიზებულ სამყაროს", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა შვეიცარელ დიპლომატებს იმ დახმარებისათვის, რომელსაც ისინი იჩენენ ქ.მოსკოვში საქართველოს ინტერესების სექციისათვის კონკრეტული საკითხების, მათ შორის საკონსულო სამსახურის გამართული ფუნქციონირების საკითხში.
შეგახსენებთ, რუსული ტელეარხის „როსია 24“-ის გადაცემა „60 წუთის“ წამყვანები, 9 ნოემბრის ეთერში იატაკზე ელექტრონულად გამოსახულ საქართველოს დროშაზე იდგნენ.
2009 წლიდან, შვეიცარია წარმოადგენს საქართველოს ინტერესებს რუსეთის ფედერაციაში, სადაც ფუნქციონირებს შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექცია.