მოსკოვში მიაჩნიათ, რომ ფორმატ 3+3-ის ამოქმედების გეგმები აუცილებელია პრაქტიკაში განხორციელდეს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ჟურნალისტებს განუცხადა.
"რუსეთმა მარი დაუჭირა ამ ინიციატივას, ვფიქრობთ, რომ დადგა დრო აღნიშნული ფორმატის ამოქმედების გეგემები პრაქტიკაში განხორციელდეს. რაც შეეხება საქართველოს პოზიციას, თბილისიდან ისმის ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებები ამ მექანიზმში მონაწილეობაზე. მაგრამ ეს სუვერენული ქვეყნის პოზიციაა. ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ ფორმატი 3+3 პასუხობს რეგიონის ყველა ქვეყნის ინტერესებს", - განაცხადა მან.
ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებზე საუბრისას ზახაროვა, სავარაუდოდ მოიაზრებდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებას. 7 ოქტომბერს მინისტრმა განაცხადა, რომ დიდ გეოპოლიტიკურ პროექტებში საქართველო მაინც წარმოდგენილი იქნება რაღაც ფორმით რა თქმა უნდა, არა სახელმწიფო ინტერსებისა და ოკუპანტებისთვის რაიმეს დათმობის ხარჯზე. ამასთან, ზალკალიანმა მანამდე განაცხადა, რომ რუსეთთან არანაირ ფორმატზე არ შეიძლება საუბარი, ვიდრე მოსკოვს ქვეყნის 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა "სამხრეთ კავკასიაში ექვსი ქვეყნის პლატფორმის" შექმნის იდეა 10 დეკემბერს ბაქოში წამოაყენა.
პლატფორმა გულისხმობს ირანის, რუსეთის, თურქეთის, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაჯიანის თანამშრომლობას, რომელიც ფოკუსირებული იქნება უსაფრთხოების, ეკონომიკურ და სატრანსპორტო საკითხებზე.
რუსეთი და ირანი მიესალმებიან ამ ინიციატივას, სომხეთი კი, თურქეთის და აზერბაიჯანის ფაქტორის გათვალისწინებით, სკეპტიკურად უყურებს ამ თანამშრომლობის პერსპექტივას.
გასულ თვეში, საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ "ჩვენ რაღაც ფორმით ამ დიდ გეოპოლიტიკურ პროექტებსა და ურთიერთობებში მაინც უნდა ვიყოთ, რა თქმა უნდა, არა სახელმწიფო ინტერესების და ოკუპანტთან რაღაც დათმობის ხარჯზე".
მოგვიანებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ საქართველო არ განიხილავს რუსეთის ფედერაციასთან ერთად 3+3 ფორმატში მონაწილეობას.