ვნახეთ ის წერილი, რომელიც სტრასბურგის სასამართლოდან შემოვიდა და ვერავითარი ინტერპრეტაციები ამ წერილს ვერ მიეცემა, გარდა იმ ინტერპრეტაციებისა, რის საშუალებასაც ეს წერილი თავად იძლევა, რადგან ეს წერილი არის შავით თეთრზე შედგენილი და ძალიან ძნელია მასში იგულისხმო ის, რაც ნაგულისხმევი არ არის", - აცხადებს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი სტრასბურგის სასამართლოს წერილთან დაკავშირებით, რომელიც სააკაშვილის საქმეზე დროებით ღონისძიებას შეეხება.
თეა წულუკიანის განცხადებით, სასამართლოს მიერ წერილში დასმული საკითხები, ორი მხარემ, მომჩივანმა და მოპასუხემ, დროულად და კეთილსინდისიერად უნდა შეასრულონ.
"ცალსახად არის მითითებული, რომ სტრასბურგის სასამართლო მოუწოდებს ბატონ მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ, უფრო მეტიც, არამცთუ მოუწოდებს, ავალებს, რომ შეწყვიტოს შიმშილობა. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომჩივანმა სააკაშვილმა სტრასბურგის ეს დავალება შეასრულოს, რომ შეძლოს ეფექტიანად ჩივილი გააგრძელოს სტრასბურგის სასამართლოს წინაშე. ეს არის ელემენტარული პროცედურული საკითხი. როდესაც ერთი მხარე იღებს, ან რომელიმე მხარე იღებს დავალებას 39-ე მუხლის საფუძველზე, ეს დავალება უნდა შესრულდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს, რომ მოცემული მხარე თუ ამ დავალებას არ ასრულებს, ის არ არის კეთილსინდისიერი. რა თქმა უნდა, ეს არის ის დავალება, რომელიც ძალიან გვახარებს, რადგან ეს ის მოწოდებაა, რასაც ჩვენ ყოველთვის ვაკეთებდით, მათ შორის მეც", – განაცხადა წულუკიანმა.
ამასთან, თეა წულუკიანმა მიხეილ სააკაშვილს თავადაც მოუწოდა შიმშილობის შეწყვეტისკენ.