პოლონური საზოგადოებრივი რადიოს ცნობით, პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან საუბარში თქვა, რომ სააკაშვილის დაკავება საქართველოს იმიჯს ლახავს.
"პატივს ვცემ საქართველოს სასამართლო სისტემას, მაგრამ, სააკაშვილის დაკავება ქვეყნის იმიჯს ლახავს, პოლონეთს ახსოვს სააკაშვილი, როგორც ლეხ კაჩინსკის მეგობარი, რომელმაც კაჩინსკის საქმის მშვიდობიანი გადაწყვეტა ითხოვა", - უთხრა სალომე ზურაბიშვილს ანჯეი დუდამ, Polske Radio-ს თანახმად.
დუდას განცხადებით, პოლონეთი სააკაშვილს ლეხ კაჩინსკის მეგობრად მიიჩნევს და ზურაბიშვილს სთხოვს, მისი საკითხი მშვიდობიანი გზით გადაიჭრას.
Polske Radio ასევე წერს, რომ სააკაშვილი ციხეში შიმშილობს, ის საქართველოში რვა წლის შემდეგ, ადგილობრივი არჩევნების წინ ჩავიდა და მას ქართულმა სასამართლომ თავისუფლება აღუკვეთა, სალომე ზურაბიშვილმა კი გამოაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს არ შეიწყალებს.
აღსანიშნავია, რომ სალომე ზურაბიშვილისა და ანჯეი დუდას სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია 8 ნოემბერს გაავრცელა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, სადაც არაფერია ნათქვამია პოლონეთის პრეზიდენტის მიერ სააკაშვილის საკითხით დაინტერესებაზე.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს და პოლონეთის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარისას განიხილეს საქართველო - პოლონეთის ორმხრივი ურთიერთობები, საქართველოს ევროპული კურსი და პოლონეთის მხარდაჭერის საკითხები.
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა. მიხეილ სააკაშვილს პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს.