შესაძლოა, ქართველებს არჩევანის გაკეთება მოუწიოთ - "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნა ან ევროკავშირი რეალური და სრულფასოვანი ინტეგრაცია, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა მედიაპროექტ "სასაზღვრო ზონა"-ს მიერ გამართულ ონლაინ შეხვედრაზე განაცხადა.
კუბილიუსის განცხადებით, "ქართული ოცნების" ქმედებები საქართველოს იმიჯს აზიანებს.
"მქონდა შესაძლებლობა, საქართველოს მმართველი პარტიის ზოგიერთ წარმომადგენელთან მესაუბრა. მათ ცხადად ვეუბნებოდი თუ რა სახის შეცდომებს უშვებდნენ: დაუნდობელი საუბარი ოპოზიციის მიმართ, ევროკავშირის ლიდერებისთვის მიცემული პირობების არშესრულება, როგორც შარლ მიშელის შეთანხმების შემთხვევაში მოხდა, ან ფინანსურ დახმარებაზე უარის თქმა და ამ დახმარებასთან დაკავშირებული მოთხოვნების არშესრულება.
ეს ყველაფერი საქართველოს ცუდ იმიჯს უქმნის, არა მხოლოდ საქართველოს მთავრობას, არამედ საქართველოს. ეს ზიანს აყენებს ქართველი ხალხის ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის ნებასა და სურვილს. ეს ცხადად უნდა ვთქვათ.
არ გამიკვირდება, დადგეს დრო, როდესაც ქართველებს მოუწევთ არჩევანის გაკეთება – ან ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნა, ან ევროკავშირში რეალური ინტეგრაცია, რადგან, შესაძლოა, ამ ორი რამის კომბინაცია რთული გახდეს", - თქვა კუბილიუსმა.